ბარნოვზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბრეგვაძის შეწყალების საქმეზე დღეს პრეზიდენტმა განმარტებები გააკეთა.
ვეფხვია ბაქრაძეს პრეზიდენტმა 2016 წელს სასჯელი გაუნახევრა. პრეზიდენტის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ გაითვალისწინა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაცია.
პრეზიდენტის თქმით, სასჯელაღსრულებამ კომისიას პატიმრის შესახებ დადებითი დახასიათება მიაწოდა.
როგორც ირკვევა, პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, როცა ვეფხვია ბაქრაძეს გაუნახევრდა სასჯელი და მოსახდელი ჰქონდა 7 თვე, პატიმარმა დარჩენილი 7 თვის განმავლობაში 6-ჯერ მიმართა ე.წ. უდოს კომისიას, თუმცა კომისიამ ბაქრაძეს ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე ექვსივეჯერ უთხრა უარი.
რას ეყრდნობოდა ე.წ. უდოს კომისია უარის დროს და ჰქონდა თუ არა მას სამინისტროსგან ბაქრაძის შესახებ უარყოფითი დახასიათება ? - ამ შეკითხვით „ლიბერალმა“ ალექსანდრე დარახველიძეს მიმართა.
აღნიშნული კითხვა დღეს პრესკონფერენციაზე ზვიად ქორიძემაც დასვა. „როგორც გუშინ სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან მოვისმინეთ საჯაროდ, ისინი ეყრდნობოდნენ უარყოფით დახასიათებას. მაშინ კითხვა თქვენ კი არა, ჩვენ გვიჩნდება – თუ უარყოფითად ხასიათდებოდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რვა თვით ადრე რატომ ხასიათდებოდა ასე დადებითად და რატომ მოგვივიდა ჩვენ ასეთი დასკვნა სამინისტროდან; რა, ეს განგებ გააკეთეს? – განაცხადა ქორიძემ.
„ლიბერალი” სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროს ალექსანდრე დარახველიძეს ესაუბრა.
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ე.წ. უდოს კომისიამ ბაქრაძის ქცევის შესახებ ზუსტად იგივე ინფორმაცია მიიღო, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და კომისიამ გადაწყვეტილების მიღების დროს; კერძოდ, როცა უარი ეთქვა ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, მხედველობაში მიიღო დანაშაულის ხასიათი და დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი.
„ჩვენ ვთქვით, რომ კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმებია დანაშაულის ხასიათი, დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა, დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან, ასევე, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას. იმ ეტაპზე, ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, საბჭომ მიიჩნია, რომ დადებითი გადაწყვეტილებისთვის არ იყო საკმარისი გარემოებები. საბჭოს უარი მეტწილად განაპირობა დანაშაულის ხასიათმა და დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკმა.
შეკითხვაზე, რა ინფორმაცია მიიღო ე.წ. უდოს კომისიამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან, პატიმრის ქცევის შესახებ გვიპასუხა, რომ „ზუსტად იგივე, რაც პრეზიდენტის კომისიამ.“
ანუ უდოს კომისიამ ვეფხვია ბაქრაძის შესახებ დადებითი რეკომენდაცია მიიღო?
„კიდევ ერთხელ ვამბობ, დადებით რეკომენდაცია ციხის მხრიდან არ იყო გაცემული. ციხე არც დადებით და არც უარყოფით რეკომენდაციას არ გასცემს. სასჯელაღსრულება კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ადგენს პირის დახასიათებას.
ვეფხვია ბაქრაძის შესახებ ე.წ. უდოს კომისიამ ზუსტად იგივე დახასიათება მიიღო, რაც პრეზიდენტის შეწყალების კომისიამ?
დიახ, ზუსტად იგივე, იდენტური დახასიათება გვქონდა საბჭოს.
დახასიათების ნაწილი დღეს პრესკონფერენციაზე ქორიძემ წაიკითხა. თქვენ მოისმინეთ, რაც წაიკითხა შეწყალების კომისიამ?
დიახ, მოვისმინე; იდენტური მივიღეთ ჩვენც.