საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულის ვ.ბ-სთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის თ.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
„სამართალდამცველებმა ვ.ბ. 2018 წლის 14 აპრილს, გარდაბნის რაიონის, სოფელ თელეთში, ხოლო თ.ბ. ქ. თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 17: 30 საათზე, ვ.ბ-მ თავის გერს თ.გ.-ს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით, გულმკერდისა და ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად თ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ვ.ბ.-მ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ პირადად უამბო თ.ბ.-ს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა ვ.ბ.-ს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
აღსანიშნავია, რომ ვ.ბ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განაჩენით არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ.გ.-ს (მოკლული თ.გ.-ს დედა) ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ.
საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 27 ოქტომბრის შეწყალების აქტის საფუძველზე ვ.ბ. შეწყალებული იქნა. მას მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა, რის საფუძველზეც პენიტენციური დაწესებულებიდან 2017 წლის 25 მაისს გათავისუფლდა.
ვ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 - დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო თ.ბ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“,- ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.