თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა იწყება.
მერის განცხადებით, პროექტის შესრულება დაახლოებით 2 მლნ 700 ათასი ლარი დაჯდება და ხუთ თვეში დასრულდება.
„ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება გვაქვს დაწყებული, თუმცა მგონია, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. შეიძლება გაჩნდეს კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ნამდვილად ვერ დავრჩებით ისე, როგორც იყო 50 წლის წინ, როცა რამდენიმე მანქანა დადიოდა დედაქალაქში. შესაბამისად, გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს.
რა თქმა უნდა, მხოლოდ ახალი კვანძების მშენებლობით სატრანსპორტო პრობლემებს და საცობებს ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია საცობების პრობლემის მოსაგვარებლად. როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე, შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული მშენებლობების შეჩერება, მოგვიწიოს ნებართვების არგაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების უკმაყოფილება, შეიძლება მოგვიწიოს ხეების გადარგვა ან მოჭრა, თუმცა ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი”,- განაცხადა კახა კალაძემ.