სასულიერო სემინარიის სტუდენტი გიგა ძამუკაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია, რომ სასულიერო აკადემიის სტუდენტები ქართული პრეზერვატივების ბრენდის „აიისას“ წინააღმდეგ აქციას გამართავენ.
„თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტები ორგანიზებას ვუწევთ სტუდენტურ აქციას, რომლითაც ვაპროტესტებთ კომპანია „აიისას“ ქართველი ერისა და ქრისტიანული საზოგადოების ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელ საქმიანობას.
კერძოდ: მათ მიერ წარმოებულ პრეზერვატივებზე წმინდანების და წმინდა დღესასწაულების გამოსახვას, ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებული ბილწი ხუმრობებისა და სადღესასწაულო ქრისტიანული სიმბოლოების პრეზერვატივის შეფუთვაზე დატანას, ეროვნული, კულტურული და ისტორიული ფასეულობების დაცინვასა და შეურაცხყოფას.
აქციის მიზანია: დაიგმოს აღნიშნული ქმედებები, წარმოვაჩინოთ საზოგადოების ჯანსაღი აზრი, ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობა, რომელთა ღირებულებითი ღერძი ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩამოყალიბებული, დავიცვათ რელიგიური და ეროვნული ფასეულობებისადმი ნიჰილიზმისაგან. ამ აქციას მიეცეს პრევენციული დატვირთვა, მომავალში, მსგავსი, მანკიერი ქმედებების აღსაკვეთად.
აქციის ორგანიზატორებმა კურთხევა გამოვითხოვეთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესაგან და ვმოქმედებთ მისი კურთხევის ქვეშ,“ - წერია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მდუმარე სტუდენტური აქცია ხუთშაბათს, 19 აპრილს, გაიმართება რუსთაველის გამზირზე.