ბარნოვზე მოკლული ახალგაზრდა ქალის შვილების მდგომარეობას სოციალური მომსახურების სააგენტო სწავლობს.
13 აპრილს გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მამინაცვალმა მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა.
სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ თელავის სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი გუშინ იყვნენ ბავშვებთან.
ბარნოვზე მოკლული ქალის შვილების მდგომარეობას სოცსააგენტო შეისწავლის
სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია ამბობს, რომ სპეციალისტები გაეცნენ ბავშვების მდგომარეობას და საჭიროებებს.
„პატარებს სიტუაციის არასრულფასოვანი აღქმა და ფაქტების გაორებული ხედვა აქვთ, პერიოდულად უარყოფენ მომხდარს, ზოგჯერ კი აცნობიერებენ ტრაგიკულ მოვლენას. სოციალურმა მუშაკმა ბავშვებთან სამუშაოდ და დახმარების აღმოსაჩენად ოჯახის წევრთა შორის შეარჩია დეიდა, რადგან მას ბავშვების აღზრდაში მნიშვნელოვანი ჩართულობა აქვს. დეიდას კითხვებს უპასუხა ფსიქოლოგმა. მისივე რჩევით, დაკრძალვის შემდეგ ბავშვებს აუცილებლად უნდა განემარტოთ სიტუაცია, რათა არ ჰქონდეთ ცრუ მოლოდინი და მათ აზროვნებას დამატებით ტრავმა არ მიადგეს. ოჯახს აქვს ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის საკონტაქტო ინფორმაცია, გაეწევა მუდმივი მეთვალყურეობა და კონსულტირება საჭიროების მიხედვით,“ - ამბობს ეთერ ცხაკაია.
დღეს საქალაქო სასამართლომ ქალის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.