
სერჟ სარგსიანის მიერ „ხელისუფლების მიტაცების“ წინააღმდეგ პროტესტის ტალღა სომხეთში გრძელდება. პოლიციასთან შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული. „რადიო თავისუფლების" ცნობით, დაახლოებით 80 ადამიანია დაკავებული.
მოქალაქეები სომხეთის მმართველი, „რესპუბლიკური პარტიის" მიერ ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას აპროტესტებენ.
„საჭიროა მთელი სახელმწიფო სისტემის პარალიზება, ძალაუფლება ხალხს უნდა გადაეცეს. სერჟ სარგსიანმა უნდა გაიგოს, რომ სომხეთი და სომეხი ხალხი მისი სამართავი არ არის“, - ამბობს ოპოზიციური პარტიის წევრი, პარლამენტარი ნიკოლ პაშინიანი.
პაშინიანმა დემონსტრანტებს ერევანსა და სხვა ქალაქებში სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებისკენ მოუწოდა.
ერევანში დემონსტრანტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის შენობები კორდონში მოაქციეს, პოლიცია კი მობილიზებულია პარლამენტთან, სადაც კანონმდებლების თქმით, სარგსიანი იმყოფება.
საპროტესტო გამოსვლები ქალაქ გიუმრსა და ვანაძორშიც მიმდინარეობს.
სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტად ჯერ 2008 წელს, ხოლო შემდეგ 2013 წელს ხუთწლიანი ვადით აირჩიეს.
2015 წელს მიღებულმა საკონსტიტუციო შესწორებამ ქვეყნის მართვის ძალაუფლება პრეზიდენტის ინსტიტუტიდან პრემიერ-მინისტრს გადასცა. სარგსიანი თავდაპირველად ამბობდა, რომ პრემიერ-მინისტრობისკენ „არ ისწრაფოდა“, თუმცა ამ თანამდებობაზე წარსადგენად ორშაბათს ქვეყნის პარლამენტმა ერთხმად აირჩია სარგსიანი.