Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► RMG GOLD-მა თეთრიწყაროში ასეულობით ხე მოჭრა - რატომ გასცა ნებართვა სატყეო სააგენტომ

19 აპრილი, 2018 13:01

„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი Facebook-გვერდზე ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარასთან ასეულობით მოჭრილი ხის მორი ჩანს. ნათელაშვილი ამბობს, რომ ეს ხეები კომპანია RMG GOLD-მა მოჭრა და აქ გადამალა. 

„ლიბერალი“ კომპანია RMG GOLD-ს დაუკავშირდა, სადაც დაუდასტურეს, რომ ეს ხეები ნამდვილად კომპანიამ მოჭრა. პრესსამსახური განმარტავს, რომ ეს კომპანიის სალიცენზიო ტერიტორიაა და RMG GOLD-მა ხეები კანონის დაცვით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ნებართვით მოჭრა. 

„ამ ხეების მოჭრა არის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები. ვერ გეტყვით, ეს ხეები მხოლოდ სოფელ ჯვარაშია მოჭრილი თუ სხვა სოფლებში. თუმცა ჩვენ კანონის სრული დაცვით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ნებართვის საფუძველზე მოვჭერით ისინი. მეტ კომენტარს ამ თემაზე არ გავაკეთებთ“, - განუცხადეს „ლიბერალს“ RMG GOLD-ში. 

სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში გვითხრეს, რომ ეს წიაღის მოპოვების სალიცენზიო ტერიტორიაა. როგორც „ლიბერალს“ სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა განუცხადა, ეს ლიცენზია დაახლოებით 2005-2006 წლებშია გაცემული. რაც შეეხება ხეების მოჭრის ნებართვას, მისი განმარტებით, ტყის სარგებლობის წესი საქართველოს მთავრობის დადგენილებითაა დამტკიცებული და რიგი სამუშაოებისა და შემთხვევებისთვის ტყით სარგებლობის ნებართვის გაცემას ითვალისწინებს . 

„ერთ-ერთი გახლავთ წიაღით სარგებლობის ობიექტი, რომელიც ითვალისწინებს რიგ ტერიტორიაზე რიგი ინფრასტრუქტურისათვის შესაბამისი ნებართვის გაცემას. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. კომპანიას სპეციალური დანიშნულებით ტყით სარგებლობის ნებართვა 2017 წლის 8 მაისს მიენიჭათ და მათ ამ სამუშაოების განსახორციელებლად 11 თვე ჰქონდათ“, - ამბობს სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე.

ნათია იორდანიშვილის განმარტებით, კომპანიას ტყით სარგებლობის უფლება 37 ჰექტარზე მიეცა, რათა გზები და საბურღი მოწყობილობები გაეკეთებინა. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 2900 მ/კუბი რცხილისა და ჯაგრცხილის სახეობის ხეებია მოჭრილი. სააგენტოს უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ ეს ხეები არა კომპანიის, არამედ სააგენტოს საკუთრებაა. მას კომპანია წინასწარ განსაზღვრულ ადგილას დაასაწყობებს, სააგენტოს გადასცემს და კანონით დადაგენილი წესით ხდება მისი განკარგვა. 

„ასეთ შემთხვევებში კანონმდებლობა ითვალისწინებს საკომპენსაციო გადასახადსაც. ეს თანხა ითვლება მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მეთოდოლოგიით. ამ შემთხვევაში კომპანიის საკომპენსაციო თანხამ დაახლოებით 830 000 ლარი შეადგინა. ასევე, კანონმდებლობით მკაცრადაა განსაზღვრული, რომ ეს თანხა მხოლოდ ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებებზე მიდის, როგორც იმ რეგიონში, ასევე სხვაგან“, - განუცხადა ნათია იორდანიშვილმა „ლიბერალს“.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ახლაც ჭრიან ოქროს საბადოსთან ხეებს და აქ მოაქვთ, იმიტომ რომ მიუდგომელი ადგილია.

„იმედი ჰქონდათ, რომ ვერავინ ამოვიდოდა. არადა, კაი ხანია,  ჩვენ დაზვერვით სამუშაოებს ვაწარმოებთ. პირდაპირ დაზვერვითი სამუშაოები დაგვჭირდა, რომ გაგვერკვია ამოსასვლელი, შემოვლითი გზები, გაგვერკვია ამინდი. მერე ვდარაჯობდით, რომ ხის გატანა არ დაეწყოთ. ამაზე ჩვენი აქტივისტები გვეხმარებოდნენ“, - ამბობს „ლეობორისტების" ლიდერი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^