Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები ქონებრივ დეკლარაციაში დარღვევისთვის ჯარიმის გაუქმების ინიციატივას ეწინააღმდეგებიან

19 აპრილი, 2018 16:44

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დეპუტატ რევაზ არველაძის ინიციატივა საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის მიზნებსა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. 

პარლამენტში დეპუტატ რევაზ არველაძის მიერ ინიცირებულია საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონში ცვლილებების ორი პროექტი, რომლებიც გულისხმობს რამდენიმე ცვლილებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის, გამოქვეყნებისა და მონიტორინგის მხრივ. კერძოდ:

  • გაუქმდება 1000-ლარიანი ჯარიმა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში;

  • ქონებრივი დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის არსებული 1000-ლარიანი ჯარიმა შემცირდება 100 ლარამდე;

  • თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში საიდუმლო გახდება ინფორმაცია თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა ნაწილზე (გარდა მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის ან გერისა).

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ ინიციატივას უარყოფითად აფასებენ. ორგანიზაციებში ამბობენ, რომ შემოთავაზებული პროექტი მნიშვნელოვნად ასუსტებს დღეს არსებულ პრევენციისა და სანქცირების სტანდარტს, ზრდის ინტერესთა კონფლიქტის შესაძლებლობას და ამცირებს თანამდებობის პირების მიმართ საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობას. 

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია წინადადება, რომ გაუქმდეს ჯარიმა თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, რადგანაც ასეთი ცვლილება არსებითად აზრს დაუკარგავს ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემას, რომელიც შარშან ამოქმედდა და ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული რეფორმა იყო ბოლო წლებში. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის თანახმად. ეს ყველაფერი მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ როგორც სტატისტიკა მოწმობს, ზოგიერთი თანამდებობის პირი არასათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება ქონებისა და შემოსავლების შეტანას დეკლარაციაში," - ამბობენ ორგანიზაციებში. 

2017 წლის საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშის მონაცემებით, მხოლოდ წარდგენილი დეკლარაციების 20% იყო სრულყოფილად შევსებული. 2017 წელს სულ შემოწმდა 287 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია, საიდანაც 224 შემთხვევაში (78%) გაიცა უარყოფითი დასკვნა და დაჯარიმდა თანამდებობის პირი, ხოლო 7 პირზე დარღვევების შეფასება შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ცვლილებებს ინფორმაციის დახურვისა  და დეკლარაციის წარუდგენლობისთვის ჯარიმის შემცირების თაობაზე: „რადგან ეს ინიციატივა ერთმნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯია კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და ასუსტებს ამ თვალსაზრისით გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების არსებულ სტანდარტს. ამასთან, ქონებისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების მოთხოვნების შერბილება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ანტიკორუფციული შეთახმებისა და მექანიზმის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს და აუცილებლად აისახება შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის შეფასებაზე."

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^