„ფასეულობების დასაცავად“ - ამ სახელწოდებით, სასულიერო სემინარიის სტუდენტები პრეზერვატივების ქართული ბრენდის „აიისას“ წინააღმდეგ მდუმარე აქციას აწყობენ.
სტუდენტების აქციას მოძრაობა „ქართული მარშიც" უერთდება. მოძრაობა, რომელიც ჰომოფობიური და ქსენეფობიური მოსაზრებების გავრცელებით გამოირჩევა.
როგორც „ლიბერალის“ კორესპონდენტი იუწყება, სტუდენტებმა „ქართული მარშის“ წევრებს უთხრეს, რომ არ სურთ მათთან ასოცირდებოდნენ.
როგორც სტუდენტები ამბობენ, ისინი აპროტესტებენ ქართველი ერისა და ქრისტიანული საზოგადოების ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელ საქმიანობას.
„ვგმობთ კომპანიის წარმოებულ პრეზერვატივებზე წმინდანებისა და წმინდა დღესასწაულების გამოსახვას, ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებული ბილწი ხუმრობებისა და სადღესასწაულო ქრისტიანული სიმბოლოების პრეზერვატივის შეფუთვაზე დატანას, ეროვნული, კულტურული და ისტორიული ფასეულობების დაცინვასა და შეურაცხყოფას.
აქციის მიზანია, დაიგმოს აღნიშნული ქმედებები, წარმოვაჩინოთ საზოგადოების ჯანსაღი აზრი, ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობა, რომელთა ღირებულებითი ღერძი ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩამოყალიბებული, დავიცვათ რელიგიური და ეროვნული ფასეულობებისადმი ნიჰილიზმისაგან. ამ აქციას მიეცეს პრევენციული დატვირთვა, მომავალში, მსგავსი, მანკიერი ქმედებების აღსაკვეთად,“ - ამბობენ სასულიერო სემინარიის სტუდენტები.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ კურთხევა გამოითხოვეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისაგან და მისი კურთხევის ქვეშ მოქმედებენ.