„სრულიად პროვოკაციულად მოდის შეურაცხყოფა მართლმადიდებლური რელიგიისა და ჩვენი წმინდანების მიმართ. როდესაც პრეზერვატივებზე წმინდა მეფეებს ახატავ და ირონიულად და ცინიკურად ცდილობ, საზოგადოება დუელში გამოიწვიო, ეს თავისთავად პროვოკაციაა“, - განაცხადა აქციაზე „ქართული მარშის“ წევრმა, სანდრო ბრეგაძემ.
„ფასეულობების დასაცავად“ - ამ სახელწოდებით, სასულიერო სემინარიის სტუდენტები პრეზერვატივების ქართული ბრენდის „აიისას“ წინააღმდეგ მდუმარე აქციას მართავენ. სტუდენტების აქციას მოძრაობა „ქართული მარშიც" უერთდება, რომელიც ჰომოფობიური და ქსენეფობიური მოსაზრებების გავრცელებით გამოირჩევა.
„ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ ასეთი ტიპის პროვოკაციები შეწყდეს, ვინაიდან ასეთ პროვოკაციებს შემდგომში მოჰყვება გამოუსწორებელი შედეგები“, - ამბობს ბრეგაძე.
ის „რუსთავი 2-ის“ შენობასთან დაკავებულ „ქართული მარშის" წევრებს პოლიტპატიმრებს უწოდებს.
„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ჰყავს 7 პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც იესო ქრისტეს შეურაცხყოფის გამო პროტესტის გამოხატვისთვის დააპატიმრეს და ახლაც ციხეში არიან. ეს საზოგადოებაში იწვევს სერიოზულ დაძაბულობასა და ვნებათაღელვას“, - ამბობს ბრეგაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული მარშის“ წევრებს,- ლადო სადღობელაშვილს, ლუკა ნაცვლიშვილს, გიორგი ონიანს, ბექა რევაზიშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილსა და მიხეილ ამისულაშვილს აღმკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
19 მარტს „რუსთავი 2-ის“ წინ „ქართული მარშის“ აქტივისტები „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, ისინი სწორედ ამ დროს დააკავეს.