Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC-მ მაჩალიკაშვილის მშობლების სახელით სუს-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

20 აპრილი, 2018 16:46

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სახელით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

„სარჩელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2017 წლის 26 დეკემბერს ახმეტის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე 2017 წლის 26 დეკემბერსა და 2018 წლის 4 იანვარს გაკეთებულ საჯარო განცხადებებს უკავშირდება, რომელშიც სუს-ის ოფიციალური წარმომადგენლები მტკიცებით ფორმაში უთითებდნენ მოსარჩელეების შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლით (ტერორიზმის მხარდაჭერა) გათვალისწინებული დანაშაულის განხორციელების თაობაზე, რითიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, ავტომატურად დამნაშავედ გამოაცხადეს თემირლან მაჩალიკაშვილი და ამდენად დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვაზე სახელმწიფოს ფუნდამენტური ვალდებულება. სასარჩელო მოთხოვნაში მოსარჩელეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის დადგენასა და მათ მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ“,-ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეცოპერაციის დღიდან სუსი მედიასთან სპეცოპერაციის თაობაზე საჯარო განცხადებებში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის გარეშე, პირდაპირ მტკიცებით ფორმაში, ყოველგვარი ეჭვის ან სხვაგვარი დათქმის გარეშე მიუთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავეობასა და მის მიერ ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაზე.

„2017 წლის 26 დეკემბერს ბრიფინგის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი (ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი), ყოველგვარი ვარაუდის გარეშე, მტკიცებით ფორმაში საუბრობს და პირდაპირ მიუთითებს სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირების, მათ შორის, მოსარჩელეთა შვილის თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებაზე.

ამასთან, ყოველგვარი დამატებითი განმარტებების გარეშე, სუსმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც თემირლან მაჩალიკაშვილი ვაგზლის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, ბერი სალოსის ქუჩაზე დაკავებულ/ლიკვიდირებულ პირებთან ერთად. აღნიშნული ვიდეო სუსმა ჯერ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს გაუზიარა, ხოლო მოგვიანებით, ვიდეოჩანაწერი მედიისთვისაც გასაჯაროვდა, რომლის თაობაზე გამართულ პრესკონფერენციაზე, წინა პრესკონფერენციის მსგავსად სუსი კვლავ მტკიცებით ფორმაში მიუთითებდა, თემირლანის დამნაშავეობაზე, რაც განცხადებების ამგვარ, მტკიცებით ფორმაში გაკეთების პირობებში, საქმის დეტალებში გაუთვითცნობიერებელ მოსახელობას ავტომატურად არწმუნებდა თემირლანის დამნაშავეობაში.

აღნიშნული ვიდეოს მტკიცებულებითი ღირებულება სადავო განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პირები პანკისის ხეობას თვეების განმავლობაში სტუმრობდნენ და მათ ადგილობრივები სხვა სახელებითა და ვინაობით იცნობდნენ.

იმის მიუხედავად, რომ სუსი მითითებულ საქმეზე წარმოადგენდა ბრალდების მხარეს, მასზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება მაინც ვრცელდებოდა, რამდენადაც განცხადებები არ გაკეთებულა სამართალწარმოების ფარგლებში, არამედ მათ უშუალო მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის მედიისთვის მიწოდება, რა დროსაც, როგორც ბრალდების მხარეს, ასევე სხვა ნებისმიერ საჯარო უწყებას აქვს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება.

სუსის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის გამოძიების საწყის ეტაპზევე დამნაშავედ გამოცხადება მისი სიცოცხლის დაცვის ღირებულების დასუსტებისა და დეჰუმანიზაციის მცდელობა იყო და სავარაუდოდ სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების დროს მის უფლებების დარღვევის გადაფარვის მცდელობას ისახავდა მიზნად“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

მათი თქმით, სუსის მიერ მედიაში თემირლან მაჩალიკაშვილის თაობაზე გაკეთებული განცხადებების შედეგად დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია და სახელმწიფო უწყების მიერ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, თვითნებურად და უკანონოდ მიენიჭა დამნაშავის სტატუსი, რომელმაც საზოგადოებაში ამგვარი წინასწარგანწყობების გავრცელებას შეუწყო ხელი, რითაც განსაკუთრებული ზიანი მიადგა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ღირსებას.

ორგანიზაცია შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის შემდეგ, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და ამ გზით ოჯახის წევრების ღირსების შელახვის საკითხებზე დავას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^