„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების პროექტი, რომელიც მანდატურის სამსახურის რეფორმას ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კანონპროექტის მიხედვით, ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, იცვლება მანდატურის დანიშვნის წესი. უფრო კონკრეტულად კი, კანონპროექტის თანახმად, მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ.
კანონის მოქმედი რედაქცია სკოლის დირექტორის მიერ მანდატურის სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით დანიშვნას ითვალისწინებს, რის შემდეგაც ფორმდება სამმხრივი ხელშეკრულება მანდატურს, მანდატურის სამსახურსა და სკოლას შორის. მანდატური მანდატურის სამსახურის მითითებებს ასრულებს.
დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დირექტორისთვის, მანდატურის დანიშვნის უფლების ჩამორთმევა სკოლების დამოუკიდებლობას შეზღუდავს.
მათი შეფასებით, სკოლებს სჭირდებათ ავტონომია, რათა სასკოლო საზოგადოების წევრებთან, თემთან თანამშრომლობით სასკოლო კონფლიქტების მართვა და პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა, თავად მათ მიერ შემუშავდეს. ისინი ეჭვობენ, რომ სასკოლო კულტურისა და საჭიროებების გათვალისწინების გარეშე სასკოლო ცხოვრებაში „გარედან დანიშნული“ ადამიანი ამგვარ გუნდურ მუშაობას ვერ უზრუნველყოფს.
„ვერ ვისაუბრებ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კარგი იქნება ეს ცვლილება თუ ცუდი. ასეთი კვლევა არ ჩატარებულა. მაგრამ ლოგიკური არგუმენტები, წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით, გვეუბნება, რომ სასკოლო ცხოვრებაში ჩართული ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, ვერ გახდება გუნდის წევრი, თუკი არ დაექვემდებარება ამ გუნდის ლიდერს - სკოლის დირექტორს. ეს ქმნის პრობლემას. ყველა სკოლას ინდივიდუალური სოციო-კულტურული თავისებურებები ახასიათებს. ადამიანური რესურსის შერჩევისას სკოლის ადმინისტრაცია ამით უნდა ხელმძღვანელობდეს. არაეფექტურია, როცა ამ ყველაფრის გათვალისწინების გარეშე, თბილისიდან, ცენტრალიზებულად გადაწყდება, თუ რომელ სკოლას, რომელი მანდატური სჭირდება“, - უთხრა „ლიბერალს“ განათლების სპეციალისტმა რეზო აფხაზავამ.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი თამარ მოსიაშვილი მანდატურის სამსახურის საქმიანობის წარსულ გამოცდილებაზე ამახვილებს ყურადღებას, როცა მანდატურის სამსახური, გარდა დეკლარირებული უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობისა, სკოლებსა და პედაგოგებზე კონტროლის ერთგვარი პოლიტიკური ინსტრუმენტიც იყო.
„სკოლებში სასკოლო კონფლიქტები მუდმივად იქნება. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს სკოლა, რომელიც თავისუფალია სასკოლო კონფლიქტებისგან. მთავარი გამოწვევაა, თავად სკოლამ შეძლოს ამ კონფლიქტების სათანადოდ მოგვარება. ამ ცვლილების მიხედვით კი, სკოლას სასკოლო კონფლიქტების მოგვარების ყველა ბერკეტი ხელიდან ეცლება. ეს არის ამ ცვლილების ერთ-ერთი სერიოზული მინუსი.
ცვლილების შესახებ დისკუსიისას კი მეტწილად აქცენტი გაკეთდა ბავშვის განცალკევების საკითხზე, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის როლზე და მის მნიშვნელობაზე. ქართულ საზოგადოებას კვლავ ყურადღების მიღმა დარჩა სკოლის ავტონომიურობის მნიშვნელობა, სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობა განათლების განვითარების მიზნით. პრაქტიკულად სკოლების ავტონომიურობა იზღუდება. ვინ არის სკოლების განვითარებაზე პასუხისმგებელი? - ეს კითხვა კვლავ ღიად რჩება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე პასუხისმგებლობას მანდატურის სამსახური იღებს. არა მგონია, ამ მიდგომამ გაამართლოს. ჩვენ ვდგავართ ზღურბლთან - მორიგ ჯერზე უნდა დავკარგოთ დრო და ფინანსური რესურსი სკოლებში კონტროლზე ორიენტირებული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. “, - ამბობს თამარ მოსიაშვილი.
კანონში შესატანი ცვლილებების განხორციელება, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტზეც. უფრო კონკრეტულად კი, ცვლილებების განხორციელებას 2018-2019 წლებში 10.6 მილიონი ლარი დასჭირდება. ეს თანხა, ძირითადად, ვიდეოსათვალთვალო კამერების შესაძენად, მანდატურებისათვის მოსამზადებელი კურსების ჩასატარებლად, რესურსცენტრებში ფსიქოლოგების შტატის დასამატებლადაა განსაზღვრული.
რატომ გახდა ცვლილება საჭირო? კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილების შედეგად მანდატურების მართვა უფრო ეფექტური გახდება. გარდა ამისა, „ლოგიკურ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა“ მანდატურისა და სსიპ მანდატურის სამსახურის საქმიანობა.
„მანდატურის სამსახურის მიერ მისი მთავარი მიზნების ეფექტურად განხორციელება არ არის მხოლოდ მასზე დამოკიდებული. ის დამოკიდებულია სკოლის მიერ დაქირავებულ მანდატურზე, რაც მანდატურის სამსახურს ართმევს არაკეთილსინდისიერი მანდატურის სამსახურიდან დათხოვნის უფლებას. აღნიშნული კი თავისთავად აისახება მანდატურის სამსახურის მიერ მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად განხორციელბაზე“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.
დარგის სპეციალისტების შეფასებით, სკოლების უსაფრთხოების დღევანდელი სისტემა მეტწილად ორიენტირებულია კონტროლზე და ნაკლებად - მოსწავლეებში ღირებულებებისა და ურთიერთობების განვითარებაზე. უფრო მეტიც, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არ არის დანერგილი სკოლების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამები. მათივე შეფასებით, სასკოლო უსაფრთხოების უზრუნველყოფა კი საჯარო სკოლებისთვის იქამდე დარჩება გამოწვევად, სანამ ყურადღების მიღმაა დარჩენილი მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო უსაფრთხოების საკითხები,- სასკოლო პოლიტიკა, რომელიც სკოლასა და თემს საშუალებას მისცემს ერთობლივად იზრუნონ მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე.
**************
მანდატურის სამსახურის რეფორმის საჭიროებაზე საუბარი გასული წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდგომ დაიწყო, როცა სკოლის მოსწავლეებს შორის კონფლიქტს ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცვლილებების პროექტი, განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშავეს.
პროექტის თანახმად, დამტკიცდება განათლების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა რისკჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას.
სავალდებულო ხდება სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება.
ასევე, იცვლება მოთხოვნები მანდატურის კანდიდატის მიმართ, კერძოდ, კანდიდატს სრულ ზოგად განათლებასთან ერთად, უნდა ჰქონდეს პროფესიული ან უმაღლესი განათლება და უნდა იყოს, მინიმუმ, 21 წლის.
მანდატურის მოსამზადებელი კურსების პროგრამაში სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, გათვალისწინებულია ფიზიკური და პრაქტიკული მომზადება.
ამასთან, განათლების მინისტრი დაამტკიცებს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს.
გარდა ამისა, „პირადი გასინჯვა“ იცვლება „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებით“, რაც გულისხმობს მოსწავლის მეტალოდეტექტორით დათვალიერებას აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად. პროცედურა სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს.
სიახლეს წარმოადგენს მანდატურის ვალდებულება, შეადგინოს წერილობითი ოქმი მოსწავლის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ, რაც მიზნად მოსწავლის უფლებების დაცვას ისახავს.
რა გეგმები აქვს სამინისტროს უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველსაყოფად
სამინისტროში აცხადებენ, რომ მანდატურის სამსახურის რეფორმა სასკოლო უსაფრთხოების კონცეფციის მხოლოდ ერთი ნაწილია.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა 13 აპრილს უსაფრთხო სკოლის შესახებ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, ძალადობისა და ბულინგის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, დანაშაულის პრევენციისა და მსხვერპლთა დასახმარებლად, შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები მშობლებისთვის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, რომლებიც სამი ტიპის სარეკომენდაციო ფლაერის სახით ეტაპობრივად ყველა სკოლაში დარიგდება.
გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული როლი მიენიჭება ფსიქოლოგთა მონაწილეობას, როგორც კონფლიქტების პრევენციაში ადრეულ სტადიაზე ჩარევის გზით, ასევე უშუალოდ კონფლიქტების დროს. მისივე თქმით, უფრო გაძლიერდება და ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გახდება ფსიქოლოგიური სერვისები.
მინისტრმა ახალი ინიციატივის შესახებაც ისაუბრა, რომლის დახვეწაზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს. ეს არის „ინტერვენციის ჯგუფის“ პროექტი, რომლის ფარგლებშიც ფსიქოლოგთა, სოციალურ მუშაკთა და სხვა სპეციალისტთა ამოცანა იქნება, სკოლებში სწრაფი რეაგირების აუცილებლობისას ადგილზე შეისწავლოს მდგომარეობა, გაერკვეს საჭიროებებში და შესაბამისი კონსულტაციები გაუწიოს სკოლას.
მასალა მომზადებულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და ინტერკულტურული ცენტრის მხარდაჭერით საერთაშორისო კავკასიური ქსელი ბავშვებისთვის ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში.