საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების შედეგად სომხეთის პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომას ეხმაურება. სააკაშვილი ვიდეომიმართვაში რუსულ და ინგლისურ ენებზე საუბრობს.
„მინდა, მივმართო ჩემს ძმებს და დებს სომხეთში. მე მინდა, თქვენ მოგილოცოთ. დღეს თქვენ ყველა საფუძველი გაქვთ საიმისოდ, რომ საკუთარი თავით იამაყოთ. იამაყოთ, რომ სომხები ხართ. ამაყი ხალხი, რომელმაც შეძლო, მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ მას აქვს ღირსება და ნორმალურ, ადამიანურ პირობებში კორუფციის გარეშე სურს ცხოვრება. ისეთ პირობებში, როდესაც სხვები არ კარნახობენ, როგორ მოაწყონ თავიანთი ცხოვრება. მათ არ სურთ, ისეთ პირობებში ცხოვრება, როდესაც მცირე ჯგუფი ადამიანებისა ყველაფერს იღებს და ხალხს არაფერს უტოვებს. დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სომხეთს დიდებული მომავალი აქვს. მე თქვენ გიჭერთ მხარს. ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ. უბრალოდ ყოჩაღები ხართ", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.