„თეთრი ხმაურის მოძრაობის" ინფორმაციით, ვრცელდება ინფორმაცია მოქალაქეების მძიმე ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა, გამოწვეული იყოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - მეფედრონით. აღნიშნული ნივთიერება ინტერნეტში, სხვადასხვა ვებგვერდის საშუალებითაა ხელმისაწვდომი.
მოძრაობა ავრცელებს ინფორმაციას ამ ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკისა და აუცილებელი რეკომენდაციების შესახებ.
„მეფედრონი, იგივე 4-methyl methcathinone (4-MMC) ან 4-methylephedrone, სინთეთიკური სტიმულატორია ამფეტამინის და კათინონის ჯგუფიდან. მას იცნობენ, როგორც აბაზანის მარილს. სხვა სახელები: Meph, meow, miaow-miaow, m-cat, plant food, drone, bubbles, kitty cat.
მეფედრონი თეთრი ფხვნილის სახით არსებობს, მას მოიხმარენ ორალურად, სასუნთქი გზების საშუალებით და ინტრავენურად. ყველაზე უსაფრთხო მოხმარებად მისი საჭმელთან ერთად მიღება ითვლება. სასუნთქი გზების საშუალებით მიღებული ნივთიერება რამდენიმე წუთში იძლევა ეფექტს და პიკს ნახევარ საათში აღწევს, ორალური გზით კი 45 წუთში. ინტრავენური მოხმარება მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული.
➤ უსაფრთხო, მცირე დოზად მიჩნეულია 50-100მგ, საშუალო დოზად 100-200მგ, ძლიერ დოზად 150-300მგ, 300მგ-დან ჩნდება ზედოზირების მომატებული რისკი, მათ შორის გარდაცვალების. რეგულარული მოხმარება იწვევს დამოკიდებულებას, პარანოიას, დეპრესიას, ჰალუცინაციას, მძიმე პანიკურ შეტევას, გულის მწვავე უკმარისობას.
➤ მეფედრონით თრობის დროს დამახასიათებელი სიმპტომებია: ეიფორია, ენერგიის მატება, აღგზნება, გადამეტებული აქტიურობა, პულსისა და სუნთქვის გახშირება, ცხვირიდან სისხლდენა, არტერიული წნევის მატება, შფოთვა, პარანოია, გულღიაობა, ლაპარაკის სურვილი, მოუსვენრობა, კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერების მიმართ დაუძლეველი შიმშილი.
➤ ძლიერად გამოხატული ზედოზირების დროს შემდეგი სიმპტომები ვლინდება: კიდურების მოძრაობის შეზღუდვა, კრუნჩხვები, გულმკერდის არეში ტკივილი, გულის არითმია, გაუწყლოება, ტინიტუსი, ვასკულიტი ანუ სისხლძარღვების ანთება, სუნთქვის შეჩერება.
მეფედრონის სხვა ნივთიერებასთან ერთად მიღება შესაძლოა გახდეს სიცოცხლისათვის საშიში, ზოგიერთი კომბინაციის ლეტალური რისკი შესაძლოა დაბალი დოზების მოხმარებით იქნეს თავიდან აცილებული, მაგრამ მაინც არ გამოირიცხება სიკვდილიანობის რისკი. საშიში კობინაციებია: მეფედრონი +
▩ NBOMe: გონების დაკარგვა, კრუნჩხვები, გაზრდილი არტერიული წნევა, სისხლძარღვების შევიწროვება, გულისცემის აჩქარება, უკიდურეს შემთხვევაში გულის უკმარისობა.
▩ ალკოჰოლი: ინტოქსიკაციის მაღალი რისკის გამო ერთ-ერთი ყველაზე საშიში კომბინაციაა. ამაღლებს სიკვდილიანობის რისკს.
▩ DXM: ამ კომბინაციას შეუძლია გამოიწვიოს გულის აჩქარება და პანიკური შეტევა.
▩ MXE: გულისცემის აჩქარება და მაღალი სისხლის წნევა.
▩ ტრამადოლი: იწვევს კრუნჩხვებს.
▩ MDMA: მაღალი რისკის შემცველი კომბინაციაა, იწვევს სიკვდილიანობის რისკს.
▩ კოკაინი: იწვევს გულის შეტევას.
თუ ამის შემდეგ მაინც გადაწყვეტთ ამ ნივთიერების მოხმარებას, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
➤ პირველ რიგში, ნარკოტიკული საშუალების მიღებამდე გაარკვიეთ, თუ რა ნივთიერებას მოიხმართ.
➤არ მიიღოთ მეფედრონი გულ–სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებმა.
➤ დაბალი ტოლერანტობის დროს არ მოიხმაროთ 50მგ-ზე მეტი.
➤არ მოიხმაროთ ალკოჰოლთან, ენერგეტიკულ სასმელთან ან სხვა ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად კომბინაციაში, შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს.
➤ დეჰიდრატაციის [გაუწყლოების] ასაცილებლად მიიღეთ ჭარბი რაოდენობის წყალი ან ნატურალური წვენი.
➤ ნივთიერების მოხმარების დროს არ დარჩეთ მარტო.
➤ სუსტად გამოხატული ზედოზირების დროს, მშვიდ და გრილ გარემოში მოთავსდით, წამოწექით და ნელა ისუნთქეთ. ეს თუ ვერ შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
დაბოლოს, გვახსოვდეს, რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა არის ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბაზარზე უფრო და უფრო საშიში და ზიანის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ჩნდება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს", - ნათქვამია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.