გუშინ „ფეისბუქზე“ გავრცელდა პოსტი, რომელშიც მოქალაქე გიორგი ალიბეგაშვილი 2 წლის დისშვილზე, ნენეზე საუბრობს და იაშვილის კლინიკას ოპერაციის არასწორად ჩატარებაში ადანაშაულებს.
ალიბეგაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ ბავშვს იაშვილის კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაუკეთეს, რა დროსაც სხეულში დოლბანდი ჩაუტოვეს. მისივე თქმით, სადინარებიც არასწორად იყო შეერთებული. ბიძა ამბობს, რომ დოლბანდი ფრანგმა ექიმებმა ბავშვის გაჭრის შემდეგ ღვიძლზე მიკრული იპოვეს.
ბავშვის ბიძის ინფორმაციით, ამის გამო ორგანო მთლიანად იყო დაზიანებული და ბავშვს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა. გიორგი ალიბეგაშვილი იმასაც სწერს, რომ ექიმი მხოლოდ ლიცენზიის ჩამორთმევით არ დაისჯება და ის სასამართლოში აგებს პასუხს.
„ლიბერალი“ დაინტერესდა, მიმდინარეობს თუ არა მოკვლევა ან გამოძიება ამ საქმეზე და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე აპრილში სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების ერთ-ერთმა გამომძიებელმა მიმართა. მიმართვაში გამომძიებელი სააგენტოს იაშვილის კლინიკაში შესვლას და კონკრეტული ფაქტის შესწავლას სთხოვს.
რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, მეწარმის შემოწმების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს 18 აპრილს მიმართეს და ნებართვის მიღებისთანავე შევლენ აღნიშნული ფაქტის შესასწავლად იაშვილის კლინიკაში .
„ლიბერალი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ საქმეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილება იძიებს. უწყების ინფორმაციით, მათ საჩივრით ბავშვის მამამ აპრილში მიმართა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
„ლიბერალი“ იაშვილის კლინიკას დაუკავშირდა. კლინიკაში ამბობენ, რომ მზად არიან რეგულირების სააგენტოსთან სათანამშრომლოდ. ჯერჯერობით, კლინიკაში პაციენტი იდენტიფიცირებული არ ჰყავთ და ამბობენ, რომ ამ ფაქტზე მათთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს. კლინიკაში მიაჩნიათ, რომ სიმართლის დასადგენად მნიშვნელოვანია იმ კლინიკიდან ინფორმაციის/ მტკიცებულებების მიღება, რომელთა ზედამხედველობის ქვეშაც, სავარაუდოდ, მოხდა იაშვილის კლინიკის მიერ დაშვებული სამედიცინო შეცდომის იდენტიფიცირება.
გიორგი ალიბეგაშვილი ჰყვება, რა გზის გავლა მოუწია ნენეს დაბადებიდან გამოჯანმრთელებამდე:
„ნენე ჯერ მხოლოდ 2 წლის ხდება. ეს არის ბავშვი საოცრება. ფაქტობრივად, სასწაული შეძლო. დაიბადა 6-თვიანი, სულ რაღაც 1 300 გრამი, თუმცა ჯანმრთელი. მოათავსეს იაშვილში ინკუბატორში. 1 თვეში ჩემმა დამ შეამჩნია სიყვითლე (არა ექიმებმა) და ატეხა განგაში. გამოიკვლიეს ბავშვი და დაასკვნეს, რომ სჭირდებოდა ნაღვლის ამოღება. 1 500 გრამ ბავშვს ამოსჭრეს ნაღველი.
გავიდა 6 თვე. ბავშვი ისევ ცუდად შეიქნა, ისევ იაშვილში გააქციეს და 20 დღე უშედეგო მკურნალობის შემდეგ გვითხრეს, ღვიძლი არ მუშაობს და გადანერგვა დასჭირდებაო. რა თქმა უნდა, საქართველოში მსგავსი ოპერაცია არ გაკეთებულა პატარა ბავშვზე. ჩემმა დამ, ფაქტობრივად, მომაკვდავ ნენეს მოკიდა ხელი და წაიყვანა საფრანგეთში.
ერთთვიანი კვლევების შედეგად ვერ დაუსვეს დიაგნოზი ბორდოში. ბოლოს მოითხოვეს თანხმობა გაჭრაზე. გაჭრეს და ამოუღეს იაშვილის კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის დროს ჩარჩენილი დოლბანდი, რომელიც ღვიძლზე იყო მიკრული, სრულიად დამპალი და, რა თქმა უნდა, ღვიძლი მთლიანად გაფუჭებული. ამის შემდეგ კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან სიცხეს ვერ უწევდნენ და წყალი განუწყვეტლივ უდგებოდა მუცელში. გადანერგვას პატარა წონის გამო ვერ ახერხებდნენ. ბოლო-ბოლო პარიზში გაუკეთდა ღვიძლის გადანერგვა. და ღვთის წყალობით, დღეს წარმატებით გადის რეაბილიტაციას.
იაშვილის კლინიკა ერთხელაც არ დაინტერესებულა ბავშვის მდგომარეობით . ფრანგ ექიმებსაც კი არ მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა გაუკეთდა მათთან. ხო, ნაღველის ამოჭრისას არასწორად ჰქონდათ შეერთებული სადინარები. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ფრანგულ მხარეზე. სოციალური დაცვა აქვთ უმაღლეს დონეზე. უძვირესი ოპერაციები უფასოდ. მაშინ, როცა საქართველოში 1 თეთრიც არ დაუფინანსეს, იაშვილშიც კი ფული გადაიხადეს. ის ექიმები ჯერ კიდევ მუშაობენ იაშვილში და ვინ იცის, რამდენს დაღუპავენ კიდევ“, - წერს გიორგი ალიბეგაშვილი.