
თბილისში, თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა თურქეთის ხელისუფლებას 1915-1923 წლებში სომხების გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდეს და დაგმეს თურქეთის პოლიტიკა, რომელიც მათი თქმით, სომეხთა გენოციდს უგულებელყოფს.
აქციის მონაწილეებმა ასევე მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას დაიწყოს სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარების პროცესი და დაგმოს თურქეთის პოლიტიკა ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით.
დღეს აქციის მიმდინარეობისას შეკრებილ მოქალაქეებთან თურქეთის სახელმწიფო დროშებით მივიდა ადამიანთა ჯგუფიც და აქციის მონაწილეებს დაუსტვინეს. დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად სამართალდამცველებმა ცოცხალი კორდონი გააკეთეს.
თბილისში აქცია, რომელიც 14:00 საათზე დაიწყო, ოტომანების იმპერიაში სომეხთა მასობრივი ხოცვისა და გადასახლების 103 წლისთავს ეძღვნებოდა. 1915 წლის 24 აპრილს იმპერიის მმართველებმა სტამბოლში მცხოვრები წარჩინებული სომხები დააკავეს, ამ დაკავებას მოჰყვა იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრები სომხების მასობრივი დაკავება და გადასახლება, რასაც ისტორიული წყაროების მიხედვით 1.5 მილიონამდე ადამიანი შეეწირა.