„ევროპული საქართველოს" დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც ვანი/ხონში 28 აპრილს უნდა ჩატარდეს, გიგი უგულავა ლიდერობს. მას გამოკითხულთა 41.4% უჭერს მხარს, მის კონკურენტს „ქართული ოცნებიდან", გივი ჭიჭინაძეს კი - 32.1%.
„კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების საქმიანობით მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკმაყოფილოა. ვანსა და ხონში გამოკითხულთა უმრავლესობა (62.3%) მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 64% კი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მათი იმედები ვერ გაამართლა.
მოსახლეობას უმუშევრობა, სიღარიბე და უპერსპექტივობის განცდა აწუხებს. ასევე მოუგვარებელია ყოფითი საცხოვრებელი პირობები (გზა, წყალი, კანალიზაცია). მოსახლეობას განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის ფაროსანაც. გამოკითხულთა 59%-ის აზრით, ხელისუფლებამ ამ პრობლემაზე რეაგირება არ მოახდინა ან არაადეკვატური იყო", - ნათქვამია „ევროპული საქართველოს" გავრცელებულ ინფორმაციაში.
კითხვაზე სიტუაცია ქვეყანაში ვითარდება ძირითადად სწორი გზით თუ არასწორი გზით, გამოკითხულთა 62.3 % ამბობს, რომ ძირითადად არასწორი გზით ვითარდება, 31.5% მიიჩნევს რომ სწორი გზით, ხოლო 6.3%-ს უჭირს პასუხის გაცემა.
კითხვაზე გაამართლა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა თქვენი იმედები - გამოკითხულთა 64.1% ამბობს, რომ ვერ გაამართლა. 17.7% ფიქრობს, რომ გაამრთლა, ხოლო 18.2% ნეირალურადაა განწყობილი.
კვლევა 2018 წლის აპრილში ვანის და ხონის მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევა ევროპული საქართველოს დაკვეთით კომპანია „ბი-სი-ჯი კვლევამ“ ჩაატარა. გამოიკითხა 18 წელს ზემოთ 620 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს სახით.