სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰრაჩია რასტამიანმა, თანამდებობა დატოვა და გადაწყვიტა, აქციას შეუერთდეს.
რასტამიანი პარლამენტში სიდიდით მეორე პარტიის „აყვავებული სომხეთის“ წევრია. გაგიქ წარუკიანმა, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერმა დილას მოუწოდა თავისი პარტიის წევრებს, რომ შეურთდნენ ქუჩაში გასულ ხალხს.
„ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით ჩვენი ერისა და თანამემამულეების მხარეს“, - ნათქვამია წარუკიანის მიერ დილით გავრცელებულ განცხადებაში.
სომხეთში საპროტესტო აქციებს უერთდებიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც. „ნათელი სომხეთის“ ლიდერის, ედმონ მანუკიანის, განცხადებით, მისი პარტია ეროვნული მოძრაობის ნაწილი იქნება. „სომხეთის „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ხალხის ნდობა დაკარგა. ამიტომ პრემიერ-მინისტრობის ნებისმიერი კანდიდატი ამ პარტიიდან მიუღებელია და ჩვენ უნდა შევაჩეროთ“, - განაცხადა მანუკიანმა.
საპროტესტო აქციები ერევანში დღეს განახლდა.11:00 საათზე მოქალაქეებმა ცენტრალურ მოედნამდე მსვლელობით მივიდნენ. პოლიციას ერევნის ქუჩების ნაწილი გადაკეტილი აქვს. ხელისუფლებამ ქალაქში შეიყვანა მძიმე ტექნიკაც.
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ძალაუფლების მმართველი პარტიის ხელში დარჩენის შემთხვევაში მხოლოდ სარგსიანის წასვლა არაფერს შეცვლის. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხალხის რჩეული უნდა იყოს ხავერდოვანი რევოლუციიდან.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი არმენ სარგსიანი 23 აპრილს, საპროტესტო აქციების მე-11 დღეს გადადგა. ერევანში პროტესტი მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას მოჰყვა. მოქალაქეები სარგსიანს, მას შემდეგ, რაც ორი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ძალაუფლება მაინც შეინარჩუნა, დიქტატორად მოიხსენიებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ.