გასულ კვირას თბილისის 139-ე საჯარო სკოლასთან, დირექტორის გადადგომის მოთხოვნით, აქცია გაიმართა. სკოლის პედაგოგები ნინო ხოხობაშვილი და ლელა მაზმიშვილი სადამრიგებლო კლასების მოსწავლეებთან ერთად შეიკრიბნენ და სკოლის დირექტორი ნათია ფხალაძე სასწავლო პროცესის ერთპიროვნულ მართვაში დაადანაშაულეს.
მათი განმარტებით, სკოლაში პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა მასწავლებელმა განათლების სამინისტროში ნათია ფხალაძის შესაძლო გადაცდომების შესახებ განცხადება შეიტანა, რასაც სხვა პედაგოგების განცხადებაც მოჰყვა.
„ლიბერალი“ შეეცადა სკოლის დირექტორს, ნათია ფხალაძეს დაკავშირებოდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებას არ უპასუხა.
„ლიბერალმა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან 139-ე საჯარო სკოლიდან შესული განცხადებების შინაარსის შესახებ ინფორმაცია და შიდა აუდიტის დასკვნა გამოითხოვა.
როგორც „ლიბერალისთვის“ სამინისტროდან მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამინისტრომ 139-ე სკოლაში არსებული დარღვევების შესახებ განცხადებები შარშან სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში მიიღო. სულ შვიდი განცხადება.
სამინისტროს განცხადებით სკოლის მასწავლებლებმა და მე-2 კლასის მოსწავლეთა მშობლებმა მიმართეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტმა მოკვლევა დაიწყო და საკითხის შესწავლის მიზნით, განმარტებები ჩამოერთვათ საკითხთან დაკავშირებულ პირებს და სკოლიდან შესაბამისი დოკუმენტაციაც გამოითხოვეს. აუდიტის დასკვნა 33 გვერდს მოიცავს.
როგორც აუდიტის დასკვნიდან ვიგებთ, მოკვლევის შედეგად სკოლაში გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის დარღვევა, სკოლას კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა.
მაგალითად, აუდიტის დასკვნაში აღწერილია განცხადებების შინაარსი, სადაც განმცხადებლები საუბრობენ დირექტორის მხრიდან არაეთიკური და შეურაცხმყოფელი მოპყრობის შემთხვევებზე.
ერთ-ერთ განცხადებაში მითითებულია, რომ 2016-2017 წლის დასასრულს შეკრებაზე, დირექტორმა გამოაცხადა, რომ „სექტემბერში დახვდებოდათ ბევრი სიურპრიზი და როგორც უნდოდა, ისე გადაანაწილებდა საათებს, არ მისცემდათ განაკვეთებს და ამაზე ხმას ვერ ამოიღებდნენ... საუბრის ტონი და შინაარსი იყო პედაგოგებისთვის დამამცირებელი და დამაშინებელი“.
როგორც აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, მასწავლებლების განმარტებების ურთიერთშეჯერებით დასტურდება, რომ დირექტორი არ იცავდა დირექტორის ეთიკის კოდექსის ნორმების მოთხოვნებს და კოდექსის რამდენიმე მუხლიც დაარღვია.
კერძოდ, ის მუხლები, რომელიც დირექტორს საქმიანობის შესრულებისას სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემით პრინციპების დაცვას ავალდებულებს.
ასევე, მუხლი, რომელიც ამბობს, რომ დირექტორმა სკოლა სხვა პირების თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემის პრინციპების დაცვით უნდა მართოს და ა.შ.
მშობლების შეურაცხყოფის შემთხვევებს შეეხებოდა მე-2 კლასის მოსწავლეების მშობლების განცხადება (ხელს აწერს 20 პირი). განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველ კლასში, როდესაც სკოლაში არ იყო გათბობა და აღნიშნულთან დაკავშირებით შეკითხვით მიმართეს დირექტორს, პასუხისა და განმარტების ნაცვლად მიიღეს შეურაცხყოფა.
მშობლის განმარტებით, რაკი სკოლის თანამშრომლებისგან გათბობის ჩართვასთან დაკავშირებით ვერ მიიღო პასუხი, მოითხოვა დირექტორთან შეხვედრა. აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ:
„შეხვედრისას ჰკითხა, თუ რატომ არ ირთვებოდა სკოლაში გათბობა, რაზეც უპასუხა, რომ 15 ნოემბრამდე ვერ ჩართავდა, რადგან ასეთი რეკომენდაცია იყო განათლების სამინისტროდან, საიდანაც ჰქონდა ინფორმაცია, რომ სკოლაში უნდა ყოფილიყო გათბობა... (დირექტორი) გაღიზიანდა და მაგიდაზე ხელის ბრახუნით, უხეში, ხმამაღალი ტონით უპასუხა, სადაც უნდოდა წასულიყო და ეჩივლა, ეს მას ფეხებზე ეკიდა. გათბობას არ ჩართავდა 15 ნოემბრამდე... მშობლის განმარტებით, დირექტორი აგრძელებდა მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, უწოდა „უზრდელი“, „თავხედი“, კამათმა გადაინაცვლა სკოლის ეზოში, სადაც ეძახდა „ქუჩის ქალს“ და „ძველ ბიჭს“.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მოკვლევისას გამოიკითხნენ სკოლის თანამშრომლები და მასწავლებლები.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მასწავლებლების განმარტებების ურთიერთშეჯერებით, ვლინდება, რომ დარღვეულია სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის ნორმები.
აუდიტის დასკვნიდან ვიგებთ, რომ დირექტორის ეთიკის კოდექსი კიდევ სხვა შემთხვევებშიც დაირღვა.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, შიდა აუდიტის დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის, თბილისის 139-ე საჯარო სკოლას მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
სკოლას ასევე დაევალა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირება და გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის სამინისტროში წარდგენა 1 თვის ვადაში. როგორც სამინისტროში აცხადებენ, დასკვნა აპრილის დასაწყისში გაიცა.
ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, სამინისტრო უფლებამოსილია, ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს ან, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.
139-ე სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროს აუდიტის სამსახურმა მოკვლევა რამდენიმე დღის წინ ისევ დაიწყო. სამინისტროს განცხადებით მასწავლებლებმა მიმართეს. საქმე ეხება თბილისის 139-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისადმი შესაძლო დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებს, კონკრეტულად კი გაკვეთილებზე დაგვიანებული მოსწავლეების ბიბლიოთეკაში ჩაკეტვის შემთხვევებს.
139-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნინო ხოხობაშვილმა გადაცემას „P.S.“ მიაწოდა აუდიოჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, სკოლის დირექტორი ნათია ფხალაძე საუბრობს და პედაგოგებს ეუბნება, რომ დაგვიანებული მოსწავლეები ბიბლიოთეკაში უნდა ჩაკეტონ გაკვეთილების დასრულებამდე და საპირფარეშოშიც არ უნდა გაუშვან. ამავეს ადასტურებს სკოლის რამდენიმე მოსწავლე „P.S.“-სთან ინტერვიუში, როდესაც იხსენებენ, თუ როგორ ჩაკეტეს გაკვეთილებზე დაგვიანების გამო, დირექტორის ბრძანებით, ბიბლიოთეკაში საათების განმავლობაში, საგაკვეთილო დროის დასრულებამდე.