საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერს ამავე მუნიციპალიტეტის სოფლების - სკრისა და ქვახვრელის საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, მონიტორინგმა გამოავლინა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქვახვრელისა და სკრის საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და ძირითად სტანდარტებს.
„მნიშვნელოვან მოწესრიგებას საჭიროებს ფიზიკურ-ინფრასტრუქტურული გარემო და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები; საბავშვო ბაღებს რეგულარულად არ მიეწოდება განახლებული სასწავლო-სააღმზრდელო ინვენტარი და თვალსაჩინოებები სკოლამდელი განათლების პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის. სოფელ ქვახვრელის საბავშვო ბაგა-ბაღის ძირითადი შენობა ავარიულია, რის გამოც ბაღი საცხოვრებელ სახლში ნაქირავებ ფართშია განთავსებული. შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არის უზრუნველყოფილი სკოლამდელი დაწესებულებისთვის საჭირო პირობები.
აღმზრდელ-პედაგოგების გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ პედაგოგთა უმრავლესობას რეგულარულად არ უტარდება სასწავლო კურსები, ტრენინგები ადრეული და სკოლამდელი განათლების, რთული ქცევის მართვა-პრევენციისა და ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე.
საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის მერს, დროულად განხორციელდეს სათანადო ღონისძიებები სოფელ სკრისა და სოფელ ქვახვრელის ბაღებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ბავშვთა უსაფრთხოების დასაცავად; მათ შორის, გონივრულ ვადებში მოწესრიგდეს აღნიშნული დაწესებულებების ფიზიკური გარემო, განხორციელდეს მისი რეაბილიტაცია და ადაპტირება ბავშვთა საჭიროებების შესაბამისად; გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელი შეეწყოს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში - დაიგეგმოს და ჩატარდეს სასწავლო კურსები და ტრენინგები აღმზრდელ-პედაგოგებისთვის ადრეული და სკოლამდელი განათლების, რთული ქცევის მართვისა და ძალადობის აღმოფხვრის საკითხებში", - ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.