საქართველოს მოქალაქის უცხოეთში უკანონო მიგრაციის მიზნით პირობების შექმნამ შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გამოიწვიოს.
პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი სპეციალური მუხლი, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეს 3-დან 6-წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუ ის მოქალაქეს უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანს ან უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნისას დაეხმარება.
კანონპროექტის თანახმად, იგივე ქმედება ჩადენილი ა) არაერთგზის; ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ; გ) ყალბი საბუთების გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
ხოლო ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
„ევროპულ საქართველოში” მიიჩნევენ, რომ ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ ათასობით უდანაშაულო მოქალაქეს კრიმინალად გამოაცხადებენ.
საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ქვეყნიდან სწორედ „ქართული ოცნების“ არასწორმა და უნიათო ეკონომიკურმა პოლიტიკამ წაიყვანა - ამბობს „ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე, სავიზო რეჟიმის რეგულაციებთან დაკავშირებით.
დავით ბაქრაძის განცხადებით „უვიზო რეჟიმს უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ასე ხელაღებით დამნაშავეებად გამოვაცხადოთ ასეულობით ათასი ადამიანი, რომელიც შეიფარებს და დაეხმარება ახლობელს და რომელთა დიდი ნაწილი საქართველოდან წაიყვანა სწორედ „ქართული ოცნების“ არასწორმა და უნიათო ეკონომიკურმა პოლიტიკამ. მთავრობას რომ მთელი კონცენტრაცია ეკონომიკურ განვითარებაზე, კეთილდღეობის ამაღლებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე გაეკეთებინა, ეს პრობლემაც არ დადგებოდა,’’ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ სავიზო რეჟიმის რეგულაციებთან დაკავშირებით.
კანონში შესატანი ცვლილებების ინიციატორები არიან: არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, კახა კუჭავა, ოთარ დანელია, გიორგი ხატიძე და ზვიად კვაჭანტირაძე. ინიციატივა პარლამენტის კანცელარიაში უკვე დარეგისტრირდა.