სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე განცხადებას ავრცელებს:
„2018 წლის 26 მარტს, საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა გამოცხადდეს „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა”. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა საკანონმდებლო ინიციატივას, პრინციპების დონეზე, მხარი დაუჭირეს.
პარლამენტში აქამდეც არაერთხელ განხილულა მსგავსი ინიციატივა. უნდა აღინიშნოს, რომ რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები ზედმიწევნით კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მწვავე პრობლემაა შეუწყნარებლობა და შეურაცხმყოფელი გამოხატვა საჯარო სივრცეში, რაკი, წლებია, სწორედ შეუწყნარებლობისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის სამიზნეები ვართ.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთანხმდებით, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზაცია, ან რაიმე სახით მისი დასჯის დაკანონება, საფრთხეს შეუქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რომლითაც ჩვენ ყველანი ვსარგებლობთ, პრობლემატურს გახდის პლურალიზმსა და უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ფართო დისკუსიის შესაძლებლობას.
მიგვაჩნია, რომ რელიგიური შეუწყნარებლობის გამოხატვასა და შეურაცხყოფას რელიგიურმა გაერთიანებებმა უნდა დავუპირისპიროთ სიტყვიერი შეგონება, საგანმანათლებლო საქმიანობა და სამოძღვრო მზრუნველობა. რეპრესიული გზებით ამ პრობლემის გადაჭრის მცდელობა კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის აგრესიისა და შეუწყნარებლობის პრობლემას.
ყოველივე აქედან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, რათა არ დაუშვას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სანქციების დაწესება და კითხვის ქვეშ არ დააყენოს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და პლურალისტური განვითარება". - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები:
- ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
- სომეხთა კათოლიკე ეკლესია
- ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
- ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
- სახარების რწმენის ეკლესია
- სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია
- ეზიდთა სასულიერო საბჭო
- საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია
- ევანგელური ეკლესია “სიცოცხლის სიტყვა”
- წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
- დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
- ქართველ მუსლიმთა კავშირი
- სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
- ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველო
- ხსნის არმია
- საქართველოს კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება
- მეგობართა საზოგადოება - კვაკერები
- სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში