დღეს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით პარტია „ქართული ოცნების" ახალი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება. ამავე დროს პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდება.
გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:
“მინდა გაგაცნოთ ის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც იგეგმება „ქართულ ოცნებაში“. სრულიად ბუნებრივია ინტერესი მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესების მიმართ და ხალხს სჭირდება სიცხადე. ჩვენ, როგორც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე და მივიჩნევთ, რომ სახელმწიფოს განვითარებისა და ახალი გამოწვევების ფონზე დადგა აუცილებლობა მაქსიმალურად გავაძლიეროთ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და სიმტკიცე შევძინოთ ჩვენს გუნდს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის შიგნით მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, ამავე დროს ჩვენ გვაერთიანებს მკვეთრად გამოხატული ღირებულებები, ერთიანი ხედვები როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენ როგორც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ შევინარჩუნოთ ერთიანობა ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში.
ყველასთვის ნათელია თუ რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის მისი დამაარსებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. პირადად ჩემი და გუნდის სახელით შევთავაზე პარტიის დამფუძნებელს სათავეში ჩაუდგეს პარტიას, და მოხარული ვარ რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა.
მას ყველაზე მეტად ძალუძს გააძლიეროს პოლიტიკური ბირთვი, პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის. როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს.
უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა და შემდგომ უკვე მალე გაიმართება ყრილობა და დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც პოლიტსაბჭო, ასევე მთელი საქართველოდან წარმოდგენილი დელეგატები ერთხმად აირჩვენ ბიძინა ივანიშვილს ახალ თავმჯდომარედ.
და შესაბამისად არჩეული იქნება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც. დარწმუნებული ვარ ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე , ეს იქნება ხალი იმპულსი ჩვენთვის , პარტია ქართული ოცნების თითოეული წევრისთვის, ჩვენი გუნდისათვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.