„ქართული ოცნების“ წევრი გედევან ფოფხაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება. მისი თქმით, ივანიშვილი იმ დამატებით რესურსს გააჩენს პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც მას, როგორც პოლიტიკოსს გააჩნია.
„ეს ის ნაბიჯია, რომელიც გააერთიანებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და მისცემს საშუალებას, რომ იმ გამოწვევებს, რაც არის ჩვენ წინაშე, ღირსეულად გავცეთ პასუხი. ნამდვილად მიმაჩნდა და აქამდეც ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ სივრცეში გვაძლევს იმ დამატებით რესურსს, რაც მას, როგორც პოლიტიკოსს, გააჩნია, ამიტომ მე მგონია, რომ ეს არის ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაკეთებულიყო“, - თქვა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან.
დღეს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება. ამავე დროს პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდება.
„ქართული ოცნების“ ე.წ. „ძველ“ და „ახალ“ წევრებს შორის დაპირისპირება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გამწვავდა. ურთიერთობა დეპუტატებს შორის განსაკუთრებით დაიძაბა ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევის შემდეგ. მმართველი გუნდის მხარდაჭერის გამო დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებაც კი განაცხადა, მაგრამ საბოლოოდ მაინც პარტიაში დარჩა.
ფოფხაძის აზრს იზიარებს მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირების აღმოფხვრაზე ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილიც. მისი თქმით, ივანიშვილმა „ქართულ ოცნებაში“ დისციპლინის დამყარების სხვა გზა ვეღარ დაინახა.