„როგორც ხედავთ, კარენ კარაპეტიანის ადგილს ჩემი ზურგჩანთა იკავებს“, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნიკოლ ფაშინიანმა მას შემდეგ, რაც ერევანში მასთან შეხვედრაზე პრემიერობის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი არ მივიდა.
„ეს ნიშნავს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ სასოწარკვეთილია, რადგან მათ აქამდე შეხვედრის სურვილი გამოთქვეს, ახლა კი კარაპეტიანი არ მოვიდა. მაგრამ ჩვენ არ ვებრძვით ერთ ადამიანს, ჩვენ ვიბრძვით კორუმპირებული სისტემის წინააღმდეგ, რომელიც უსამართლოა და ლამის უკანონოც კი. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ რეალურ ცვლილებებს არ მივაღწევთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, მან სერჟ სარგსიანთან შეხვედრისას ყოფილ პრემიერს აუხსნა, რომ ისინი ახლა სხვა სომხეთში ცხოვრობენ. სერჟი თავიდან არ დაეთანხმა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეიცვალა პოზიცია. „ახლა კი კარაპეტიანმა უნდა მოუსმინოს სარგსიანის ბოლო განცხადებებს“, - თქვა ფაშინიანმა.
კარენ კარაპეტიანის წარმომადგენელმა კი შეხვედრამდე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი შეხვედრაზე იმიტომ არ მივიდა, რომ ის ფაშინიანის დიქტატით უნდა წარმართულიყო.
„ფაშინიანის შემოთავაზება არაფრით განსხვავდებოდა წინა შემოთავაზებებისგან, გარდა იმისა, რომ ამჯერად მას არ მოუთხოვია, ვინ მისულიყო შეხვედრაზე და ვინ - არა. კარენ კარაპეტიანის პასუხი იგივეა, როგორიც ადრე იყო: მოლაპარაკებები, რომელიც ერთი მხარის დიქტატითა და დღის წესრიგით მიმდინარეობს, არ არის სამართლიანი და მოლაპარაკებად არ შეიძლება ჩაითვალოს“ - ნათქვამია კარაპეტიანის განცხადებაში.
ფოტო: EVN Report