Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბაღათურია: იმ პირებზე, ვინც ნარკოპოლიტიკის პროექტზე იმუშავა, შეიძლება, საქმე აღიძრას

27 აპრილი, 2018 16:54

„პარლამენტში დარეგისტრირებულ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფმა და პარლამენტის წევრებმა, რომლებმაც დაარეგისტრირეს ეს ინიციატივა, ჩაიდინეს შეგნებული დანაშაული. მათ დაამახინჯეს, გააყალბეს მონაცემები“, - ამის შესახებ „ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრას ჯანდაცვის კომიტეტის წევრი მირიან წიკლაური თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ სასულიერო პირებიც.

ჯონდი ბაღათურიას მიაჩნია, რომ კანონპროექტის გამარტებით ბარათში პორტუგალიის გამოცდილებაზე დაყრდნობით მოყვანილი მონაცემები გაყალბებულია და რეალობას არ ასახავს. ის ფიქრობს, რომ შესაძლებელია, რომ ამ საკითხზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას.

„მე ვფიქრობ, რომ შეიძლება, ძალიან ბევრი ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას და გამოითქვას ეჭვი, შეგნებულად ხომ არ ხდებოდა ამ სტატისტიკური მონაცემების გაყალბება, რომ პარლამენტი, მთავრობა და საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში იმისათვის, რომ დაეშვათ კანონპროექტი“, - ამბობს ბაღათურია.

მან მადლობა გადაუხადა მირიან წიკლაურს და პარლამენტის სხვა წევრებს შეხვედრის ორგანიზებისთვის და აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული კანონპროექტი დღემდე კენჭისყრაზე რომ არ დამდგარა, მათი დამსახურებაა და ამისთვის მადლობას იმსახურებენ.

პარლამენტში ივნისში დარეგისტრირდა „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზებას ითვალისწინებს. პროექტში ასევე ადეკვატურადაა გაწერილი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები. კანონპროექტს თან ახლავს სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარების კონცეფციაც.

-

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ნარკოტიკული დანაშაულების მკაცრმა სისხლისსამართლებრივმა სანქციებმა ვერ გამოიღო შედეგი შვეიცარიასა და პორტუგალიაში, რის შემდეგაც ორივე ქვეყანაში საზოგადოება მივიდა კონსენსუსამდე, რომ საჭირო იყო უფრო ლიბერალური მიდგომა და აქცენტის გაკეთება არა დამსჯელობით, არამედ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკაზე.

„პორტუგალიაში 2001 წელს განხორციელდა მცირე ოდენობით ნებისმიერი სახის ნარკოტიკის შეძენის, შენახვისა და მოხმარების დეკრიმინალიზება. მცირედ ითვლება კონკრეტული ნარკოტიკის ის ოდენობა, რომელიც საკმარისია ერთი პირისათვის ათი დღის განმავლობაში მოსახმარებლად. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად, ნარკოტიკის შეძენა-შენახვა- მოხმარებისათვის დაწესდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, თუმცა პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათია სახდელების გამოყენება და, როგორც წესი, სამართალდამრღვევს სთავაზობენ სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვას. შედეგად, თუ საწყის ორ წელიწადს არ ჩავთვლით, პორტუგალიაში მომხმარებელთა რაოდენობა არ გაზრდილა, არც ნარკოტურიზმი გააქტიურებულა, რადგან ყოველწლიურად ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირთა 95% პორტუგალიელია. ამის პარალელურად, ქვეყანაში შემცირდა პრობლემურ მომხმარებელთა რაოდენობა და სულ უფრო მეტმა ადამიანმა მიმართა სახელმწიფო ორგანოებს სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვის მიზნით", - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში. 

პორტუგალიასთან დაკავშირებით აღნიშნული მონაცემები ეყრდნობა EMCDDA-ს (european monitoring centre for drugs and drug addiction) და სხვა ოფიციალურ მონაცემებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^