თბილისის მუნიციპალიტეტს დღესდღეობით, მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის გაზრდის ფინანსური რესურსი არ აქვს - ამის შესახებ 25 აპრილს, თბილისის ვიცე მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
მეტროს მემანქანეების მოთხოვნაზე, მათი ხელფასი 45%-ით გაზრდილიყო, მერიაში, მედიაციის ფორმატში, დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" უფროსი, ვიცე მერი, ჯანდაცვის მედიატორი და მემენქანეების წარმომადგენელი - "ერთობა 2013"-ის ადვოკატი შეხვდნენ.
როგორც მერიაში აცხადებენ, მათი პოზიცია ამ შეხვედრის შემდეგაც უცვლელია და ამ დროისთვის ხელფასის მატება შეუძლებელია. 25 აპრილს ვიცე მერმა აღნიშნა, რომ:
"ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ სამუშაოს, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ საზოგადოებისთვის, მაგრამ გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ იმ რესურსებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს მუნიციპალიტეტს გააჩნია. მართალია, შეიძლება ადამიანების ანაზღაურება არ პასუხობდეს იმ სამუშაოს, რასაც ისინი ეწევიან, მაგრამ ეს უნდა პასუხობდეს შესაძლებლობას, რომელიც სტრუქტურას გააჩნია. "თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" ამ ეტაპზე მემანქანეების მოთხოვნის დაკმაყოფილების რესურსი არ აქვს. იმედი მაქვს, მემანქანეები გაგებით მოეკიდებიან",- აღნიშნა ხმალაძემ.
მემანქანეების პროფკავშირის, "ერთობა 2013"-ის ადვოკატმა, ბექა ბადრიშვილმა "ლიბერალთან" საუბარში აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" ხელფასის გაზრდის საკითხს ისევ სამომავლოდ განიხილავს: "გადაჭრით უარი არ უთქვამთ, მაგრამ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამაზე მომავალში იმუშავებენ".
ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის ვადა 30 აპრილს იწურება, რის შემდეგაც, მემანქანეებს გაფიცვის უფლება კანონით ეძლევათ.
მეტროს მემანქანემ, არჩილ ლაბაძემ თქვა, რომ მემანქანეების მოთხოვნა უცვლელია. თუმცა, ის და მისი კოლეგები 29 აპრილს, კვირას მოილაპარაკებენ, რა ფორმატში გაგრძელდება ეს პროცესი.
დღეისთვის მემანქანეთა საშუალო თვიური ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გარეშე, 1150 ლარია. მემანქანეები ამბობენ, რომ არსებული ანაზღაურება შეუსაბამოა იმ გარემო-პირობებთან, სამუშაო ციკლთან თუ პასუხისმგებლობასთან შედარებით, რომელსაც ისინი ყოველდღიურობაში აწყდებიან.