Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხვალიდან საჯარო სივრცეებში მოწევა იკრძალება - ვინ გამოავლენს კანონდამრღვევებს

30 აპრილი, 2018 16:49

ხვალ თამბაქოს შესახებ კანონში ცვლილებები ამოქმედდება. თამბაქოს მოწევა იკრძალება საჯარო სივრცეებში, მათ შორის - ბარ-რესტორნებში. 

კანონი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმას ითვალისწინებს. ფიზიკურ პირზე ჯარიმა 50 ლარია, იურიდიულ პირზე, პირველ ჯერზე, 500 , მეორე ჯერზე კი - 1000 ლარი. ანუ ბარის მეპატრონე რომელიც დაარღვევს კანონით გათვალისწინებულ აკრძალვას და დაუშვებს მის საკუთრებაში არსებულ ბარში მოწევას, დაჯარიმდება. 

როგორ გამოვლინდება კანონით გათვალისწინებული აკრძალვების დამრღვევი პირი. ეს არის საკითხი, რომლის მიმართაც საზოგადოება სკეპტიკურად არის განწყობილი და მიაჩნიათ, რომ მთავრობა კანონმდამრღვევთა გამოვლენას ეფექტიანად ვერ შეძლებს. 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კაკი ზოიძის თქმით, კანონით, პირველ რიგში ბარ-რესტორნის ადმინისტრაციაა ვალდებული, აკრძალვასთან დაკავშირებული ნიშნები განათავსოს დაწესებულების სივრცეში და, ასევე, თუკი მომხმარებელი დაარღვევს აკრძალვას, ვალდებულია, მიუთითოს მას კანონის დაცვისკენ.

თუ მოქალაქე არ დაემორჩილება მითითებას, მაშინ დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია, საპატრულო პოლიციას მიმართოს. 

რაც შეეხება იურიდიული პირების მხრიდან  კანონის დარღვევის ფაქტების გამოვლენას - კაკი ზოიძე ამბობს რომ „საზოგადოების კონტროლის” იმედი აქვთ და ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, მიაჩნია, რომ საქართველოშიც მოქალაქები არ იქნებიან პასიურები და მიმართავენ პატრულს ისეთ შემთხვევებში, როცა დაინახავენ, რომ ამა თუ იმ დაწესებულების ადმინისტრაცია კანონით განსაზღვრულ აკრძალვებს არღვევს. 

კაკი ზოიძე ამბობს, რომ საერთაშორისო გამოცდილებით, კანონის აღსრულებისთვის პირველი სამი თვეა კრიტიკული, სამი თვის შემდეგ კი მოქალაქეები ეჩვევიან კანონით განსაზღვრულ შეზღუდვებს და „ვეღარც წარმოუდგენიათ, თუ როგორი იყო დრო, როცა მოწევა დაშვებული იყო საჯარო სივრცეში“ - ამბობს ზოიძე. 

მისივე თქმით, რამდენიმე ჯარიმის შემდეგ მოქალაქეები და იურიდიული დაწესებულებები მიხვდებიან, რომ კანონი მუშაობს, ამასობაში მომხმარებლის ქცევაც შეიცვლება და კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული სკეპტიკური კითხვებიც მოიხსნება დღის წესრიგიდან. 

პარლამენტარ ლევან კობერიძის თქმით, კანონით გათვალისწინებული აკრძალვების დამრღვევის პირების გამოვლენაში, სავარაუდოდ, ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან, რომლებიც თამბაქოსგან თავისუფალი საჯარო სივრცის პოლიტიკას უჭერენ მხარს. კობერიძე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ივლიან სხვადასხვა დაწესებულებაში და გამოავლენენ კანონით დაწესებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტებს. 

მისივე თქმით, ამგვარი თანამშრომლობისკენ არასამთავრობო ორგანიზაციებს პარლამენტი ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად მოუწოდებს. 

------------------------------

ხვალიდან თამბაქოს მოწევა სხვადასხვა დაწესებულებაში აიკრძალება, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც. კანონი პარლამენტმა 2017 წლის მაისში მიიღო.

კანონის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება:

ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში

საზოგადოებრივ ტრანსპორტში

საგანმანათლებლო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, აგრეთვე 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;

სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე;

ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები;

თამბაქოს მოწევა ნებადართულია:

ფიზიკური პირის საცხოვრებელ სახლში;

ტაქსიში და კატერში

სტადიონებზე

სამორინეში;

წინასწარი დაკავების იზოლატორში;

პენიტენციურ დაწესებულებაში;

თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;

სიგარაბარში;

სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანების შემთხვევაში;

აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას.

სტადიონზე (2020 წლამდე)

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის დარღვევის შემთხვევაშიმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სანქციებს აწესებს. მაგალითად, მძღოლი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევს, დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 1000 ლარით. იგივე წესი მოქმედებს ბარებსა და რესტორნებთან მიმართებით.

წესების დარღვევის შემთხვევაში, დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით.

ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვ.) იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში - 100 ლარით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^