მემანქანეთა პროფკავშირი „ერთობა 2013“ განცხადებას ავრცელებს Facebook-ზე გავრცელებული ფოტოების შესახებ, რომელიც მათი თქმით, ყალბი ანგარიშებით გავრცელებული ბინძური პროპაგანდაა დაანონსებული გაფიცვის საპასუხოდ - „ძალიან კარგად ვხვდებით, ვინც ახორციელებს“, - აცხადებს პროფკავშირი.
მემანქანეები აცხადებენ, რომ მათი ხელფასი საშუალოდ 1100 ლარია და არა 1827 ლარი. მათი თქმით, საათობრივი ანაზღაურება 6.92 ლარია, ღამის მოცდენის ანაზღაურება - 8 ლარი, მავნე პირობების გამო კი 56 ლარი ემატებათ.
„მთელი 693 ლარით ნაკლებია, ვიდრე გვაბრალებენ. მემანქანეები კი ითხოვენ დაახლოებით 1500 ლარამდე გაზრდას“.
პროფკავშირის განცხადებით, ის ფაქტი, რომ პატრულის ანაზღაურება 900 ლარია, მეხანძრის 800, მეშახტისა და ბაღის მასწავლებლის კი - 400 ლარი „არის ჩვენი სახელმწიფოს სირცხვილი, ხელისუფლების სირცხვილი, რომელსაც უბრალოდ არ უნდა, ჩვენ მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფული სწორად და სამართლიანად განკარგოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ნებისმიერი პროფესიის ადამიანის შრომა იყოს დაფასებული და იღებდეს იმ სარგოს, რომელიც მას ეკუთვნის და იმსახურებს“.
„ის არგუმენტი, რომ ერთს აქვს უფრო დაბალი ხელფასი, ვიდრე მეორეს და ამ მეორეს არ აქვს მორალური უფლება, რომ ხელფასის მატება მოითხოვოს, მიუღებელი უნდა იყო ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის. ყველა სამინისტრომ, ყველა სამსახურმა თუ კომპანიამ თავად უნდა იზრუნოს მის მიერ დასაქმებულების ღირსეულ ანაზღაურებაზე. მემანქანეებსა და ზემოთ ჩამოთვლილ პროფესიებს შორის ის განსხვავებაა, რომ ჩვენ ვერ გვიკეტავენ პირს, მოვითხოვოთ ხელფასის მატება და საჭიროების შემთხვევაში გავიფიცოთ კიდეც (რისი კონსტიტუციური უფლებაც გვაქვს), ხოლო ადამიანი, რომელიც მუშაობს ძალოვან სტრუქტურაში, მისთვის ასეთი თემების წამოჭრა, მოგეხსენებათ, ძალიან რთული იქნება. თან იმ ფონზე, რომ ძალოვანი უწყებისა და გადაუდებელი დახმარების თანამშრომელს კონსტიტუციურად არ აქვს უფლება, რომ გაიფიცოს, რადგან მათი სამსახური პირდაპირ კავშირშია ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებასთან“, - აცხადებს „ერთობა 2013“