ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, თამბაქოს რეგულაციების შესრულებაში მთავარი როლი არამწეველმა მოქალაქეებმა უნდა შეასრულონ. რეკლამებზე ზედამხედველობას ფინანსთა სამინისტრო აიღებს. ამასთნ ერთად სხვადასხვა დაწესებულების ინსპექტირებაში არასამთავრობო ორგანიზაციები და მოხალისეები ჩაერთვებიან.
„ეს არის ურთიერთპატივისცემის და ურთიერთსოლიდარობის კანონი. ამით მწეველები გადაარჩენენ 2100 მოქალაქეს, პასიურ მწეველებს, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებისგან. ეს მოქალაქეები იღუპებიან 10 წლით ადრე, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ მათზე არ იმოქმედებდა თამბაქოს მომწამვლელი კვამლი“, - თქვა აკაკი ზოიძემ.
დღეიდან, „რეკლამის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ფილმებში სიგარეტის მოწევის კადრების ჩვენების დასაწყისსა და ბოლოში ნაჩვენები უნდა იყოს პიქტოგრამა მოწევის მავნებლობის შესახებ.ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ რეკლამისა და სპონსორობის აკრძალვას ფინანსთა სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს.
„რაც შეეხება თამბაქოსგან თავისუფალ შენობებს, ამას უზრუნველყოფენ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები. იმიტომ, რომ თუ ერთი მესამედი ჩვენი მოქალაქეებისა მწეველია, ორი მესამედი არ გახლავთ მწეველი. არამწეველი მოქალაქეები იქნებიან ძირითადი აღმასრულებელები ამ კანონისა, ისევე როგორც მსოფლიოს 70 ქვეყანაში, სადაც ეს რეგულაცია მოქმედებს.“ - განმარტავს ზოიძე.
დაწესებულებებში შერჩევით ინსპექტირებას არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ დაიწყებს. როგორც აკაკი ზოიძემ თქვა ინსპექტირებაში შესაძლოა სტუდენტები თუ სხვა მოხალისეებიც ჩაერთვნენ. „მთავარი და პირველი ღერძი არიან მოქალაქეები და ამიტომაა მთავარი სლოგანი: „ნუ იქნები პასიური - ნურც მწეველი, ნურც მოქალაქე“, - დასძენს აკაკი ზოიძე.
დღეიდან თამბაქოს მოწევა სხვადასხვა დაწესებულებაში იკრძალება, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც. კანონი პარლამენტმა 2017 წლის მაისში მიიღო.
კანონის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება:
- ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში
- საზოგადოებრივ ტრანსპორტში
- საგანმანათლებლო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, აგრეთვე 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;
- სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე;
- ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები;
თამბაქოს მოწევა ნებადართულია:
- ფიზიკური პირის საცხოვრებელ სახლში;
- ტაქსიში და კატერში
- სტადიონებზე
- სამორინეში;
- წინასწარი დაკავების იზოლატორში;
- პენიტენციურ დაწესებულებაში;
- თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;
- სიგარაბარში;
- სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანების შემთხვევაში;
- აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას.
- სტადიონზე (2020 წლამდე)
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის დარღვევის შემთხვევაშიმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სანქციებს აწესებს. მაგალითად, მძღოლი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევს, დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 1000 ლარით. იგივე წესი მოქმედებს ბარებსა და რესტორნებთან მიმართებით.
წესების დარღვევის შემთხვევაში, დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით.
ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვ.) იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში - 100 ლარით.