„სოლიდარობის ქსელის“ ინფორმაციით, მეტროს მემანქანეებს სასამართლომ გაფიცვა ერთი თვით გადაუვადა. როგორც „სოლიდარობის ქსელიდან“ „ლიბერალს“ განუცხადეს, სასამართლოს სატრანსპორტო კომპანიამ მიმართა და სწორედ აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ გაფიცვაზე ნებართვის გადაწყვეტილება შეცვალა.
ეს ნიშნავს იმას, რომ მემანქანეებს ხვალ გაფიცვის უფლება არ აქვთ.
სოლიდარობის ქსელში განგვიცხადეს, რომ სასამართლოსთვის მიმართვა ის ბოლო ბერკეტი იყო, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც კომპანიას ჰქონდა.
„ლიბერალი“ ასევე ესაუბრა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს. მათი თქმით, ორგანიზაცია სასამართლოს გადაწყვეტილებას განჩინების გაცნობის შემდეგ შეაფასებს.
ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, მეტროს მემანქანეებმა წინა კვირას გაფიცვა დააანონსეს. სატრანსპორტო კომპანია აცხადებს, რომ ხელფასის მატების მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ.