დღეს ტრანსგენდერმა მამაკაცმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა ოფიციალურ დოკუმენტაციაში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლაზე - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს, რომელიც სასამართლოში მამაკაცის ინტერესებს საია იცავს.
„სამწუხაროდ, ამ დრომდე სასამართლო არ ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და არ უპირისპირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიდგომას, რომლის თანახმად სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა ტრანსგენდერ პირს მხოლოდ ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემდეგ შეუძლია. სასამართლოს განმარტებით, ტრანსგენდერი პირის თვითშეგრძნების (თვითიდენტიფიკაციის) უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას ადგილი ექნება მაშინ, თუ პიროვნებას რაიმე ფორმით, ნებისმიერი მხრიდან ხელი შეეშლება საკუთარ შეგრძნებებში, რაც შეეხება საჯარო დაწესებულებაში დაცული მისი სქესის თაობაზე ინფორმაციის შეცვლაზე უარს, ვერ იქნება განხილული როგორც პირის დაცულ უფლებაში ჩარევა, ვინაიდან ამ შემთხვევაში პიროვნება საჯარო დაწესებულების მიერ არ იზღუდება მის შეგრძნებებში" - ნათქვამია საიას განცხადებაში.
საია მიიჩნევს, რომ სქესის შესახებ ჩანაწერის შესაცვლელად ქირურგიული ჩარევის გზით ანატომიური სქესის შეცვლისა და შესაბამისი დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის მოთხოვნა არღვევს ტრანსგენდერ ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლებებს.
„ამგვარი პრაქტიკა არ ემსახურება კანონიერ მიზანს, ხელოვნურ ბარიერებს უდგენს ტრანგენდერ პირებს და ქმნის მრავალი ნიშნით პირის დისკრიმინაციის შესაძლებობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, თუ სახელმწიფო ტრანსგენდერი პირების გენდერული იდენტობის აღიარებისთვის წინაპირობად ითხოვს ჩაიტარონ სქესის შეცვლის ოპერაცია ან მედიკამენტოზური თერაპია, რომლებიც დიდი ალბათობით გამოიწვევს უნაყოფობას და ეწინააღმდეგება პირის ნებას, არღვევს პირადი ცხოვრების (ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი) და ასევე ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, რაც კონვენციის მე-3 მუხლით არის დაცული" - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დოკუმენტში სქესის ჩანაწერზე იუსტიციის სამინისტროს განმარტება
ტრანსგენდერი ადამიანებისთვის პირადობაში სქესის ჩანაწერის შეცვლის პრაქტიკის შეცვლის რეკომენდაცია იუსტიციის სამინისტრომ ომბუდსმენისგან მიიღო. 30 აპრილს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ პარლამენტის ადმიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განაცხადა, რომ სამინისტროს არ გააჩნია კომპეტენცია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დოკუმენტში სქესის ჩანაწერის შესახებ.
„სამწუხაროდ ამ საკმარისად მნიშვნელოვან თემაზე იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია კომპეტენცია, რომ როგორც ცალკე აღებულმა უწყებამ რაიმე პასუხი გასცეს ამ საკითხს, ეს არის თემა, რომელიც საჭიროებს ფართო კონსულტაციებს და შეთანხმებას სხვადასხვა უწყებებს შორის, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, თუ გაიხსნება ასეთი კონსულტაციები ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ ცალკე აღებულად ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ბარამიძემ.