საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველო, ამ თვალსაზრისით, რეგიონში მოწინავე ქვეყანა ხდება.
როგორც პრემიერი ამბობს, მსოფლიოში თამბაქოსგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10%-ია, საქართველოში კი ეს რიცხვი 22%-ს შეადგენს.
„ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. ამიტომ, მოვუწოდებ და ვთხოვ მოქალაქეებს, გაგებით მოეკიდონ ამ კანონს. ჩვენ უნდა დავიცვათ თამბაქოს კვამლისგან ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები. მსოფლიოში ემპირიულად დადგენილია, რომ ასეთი კანონის მოქმედება მკვეთრად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, გაგებით მოვეკიდოთ, განსაკუთრებით - ბიზნესსუბიექტებს, რომლებსაც ეს ეხებათ. რა თქმა უნდა, მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეფექტიანად განახორციელოს ამ კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. თუმცა, როგორც შსს-ს განცხადებაშიც იყო ნათქვამი, მოქალაქეების მხრიდან ამ პრობლემის გაგება და თანამშრომლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მისი ეფექტიანობისთვის", - აცხადებს პრემიერი.