პოეტი ზვიად რატიანი EMC-ის სამართლებრივი დახმარებით შსს-სგან მორალური ზიანის ანზღაურებას სასამართლოში მოითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის განცხადებით, სარჩელს საქალაქო სასამართლოში უახლოეს დღეებში წარადგენენ. საქმე ეხება „შსს-ს მიერ უკანონოდ მოპოვებულ და კანონის დარღვევით მედიისთვის გადაცემულ ვიდეოჩანაწერებს“.
EMC-ის განცხადებით, არ დამდგარა საქმეში მონაწილე არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი. საგამოძიებო მოქმედებები კი 4 თვეზე მეტია, გრძელდება.
დღეს პრესკონფერენციაზე EMC-ის იურისტმა სოფო ვერძეულმა პროკურატურას მოუწოდა, რომ ზვიად რატიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს (აქამდე პროკურატურამ 4-ჯერ განაცხადა უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე), ასევე შეცვალონ დანაშაულის კვალიფიკაცია და გამოძიება წარმართონ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით.
სოფო ვერძეული ამბობს, რომ პროკურატურაში გამოძებას აჭიანურებენ და ამ დრომდე არ აქვთ ან არასაკმარისად აქვთ ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები. ის პროკურატურას მოუწოდებს, დროულად ჩაატაროს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე ბრალდებულების გამოკვეთის შესახებ.
პროკურატურა ზვიად რატიანის საქმეს 2017 წლის 24 დეკემბრიდან იძიებს. გამოძიება მიმდინარეობს უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო ფაქტზე (სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი), რასაც არ ეთანხმება EMC:
„ეს არ წარმოადგენს მომხდარის სწორ სამართლებრივ შეფასებას და კვალიფიკაციას. უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიების წარმოება, ყურადღების მიღმა ტოვებს, პოლიციის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი პირისთვის, განზრახ დამამცირებელ მოპყრობას, ფიზიკური ტკივილის მიყენებით“.
2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა შსს სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. მიზეზი პოლიციელების მიერ ზვიად რატიანთან კომუნიკაციის პირადი მობილური ტელეფონით გადაღება და რატიანის შესახებ მობილურით გაკეთებული ჩანაწერის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემა იყო.