Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ გაგრძელდა ზვიად რატიანის ცხოვრება ვიდეოკადრების შემდეგ - პოეტის მონათხრობი

03 მაისი, 2018 17:09

„იყო ინციდენტები, არა ერთი და ორი, ქუჩაში, სხვადასხვა დაძაბულობის; იყო მანქანის მოჩერებები, გადმოხტომები და გინებები - იხსენებს პოეტი ზვიად რატიანი. 

მან დღეს ადვოკატებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ შეცვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა. 

პოეტი საუბრობს უამრავ ადამიანზე, ვინც აგრესია გამოხატა მის მიმართ. „თუმცა მათი აზრი არ მაინტერესებს...". რატიანი ჰყვება, რომ ემუქრებოდნენ, ურეკავდნენ ტელეფონზე,  წერდნენ ფეისბუქზე, „ჩემი ხელით უნდა დაგმარხო...". ამ შეტყობინებებს თავიდან შლიდა, „მერე მირჩიეს და შეტყობინებების ნაწილი შენახული მაქვს. ეს საგანძური დაუნჯებულია". 

პოეტის მონათხრობით, იყო იმგვარი ინციდენტებიც, როცა სხვა ადამიანები ჩაერივნენ და გააშველეს. „სისხლი არ დაღვრილა".

„ახლა იმედია, დაავიწყდათ ჩემი ფიზიონომია ადამიანებს, მაგრამ აი, საქმემ მოითხოვა და ვახსენებ".

რატიანი ამბობს, რომ მოხარული არ არის მოვლენათა ასეთი განვითარებით. თავისთვის ცხოვრობდა, ჩუმად; შედიოდა მაღაზიაში, აფთიაქში, კაფეში, ისე, რომ ვერავინ ცნობდა და „ახლა ის ცხოვრება მომიკლეს".

პოეტი მხარდამჭერებზეც საუბრობს, რომლებიც აჩერებდნენ და ეკითხებოდნენ, თუ რა ხდებოდა მის საქმესთან  დაკავშირებით: „ესეც უსიამოვნო იყო. წარმოიდგინე, მიდიხარ ქუჩაში და ტყუილად რომ შემოგხედოს ვინმემ, გგონია, ამ შემთხვევის გამო გიყურებს, ისევ ამ საქმეს გახსენებს".

ზვიად რატიანის თქმით, ის იმ პოლიციის განყოფილებასთან ცხოვრობს, სადაც სცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. მანამდე ყოველდღიურად ხვდებოდა შესვენებაზე გამოსულ პოლიციელებს და მათთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა.  „მათი დამოკიდებულებაც შეიცვალა. მათ შორის, ერთ-ერთმა, რომელსაც ამ რამდენიმე ხნის წინ გვერდით გავუარე, ზურგში გინება მომაყოლა. მე ის გინება ზურგში არ მომხვედრია და ფრთები არ დაუყრევინებია, მაგრამ რამდენად ნორმალურია, ქუჩაში ფორმიანი კაცი რომ მიდის და მიიგინება?".

რატიანი იხსენებს, რომ ცემის და შეურაცხყოფის მეორე დღეს ცუდად გახდა. „ნაცემი, ნანერვიულები ვიყავი, რამდენჯერმე შემაქანა, ჩავიკეცე, სასწრაფომ გადამიყვანა საავადმყოფოში. ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში კორპორაციული, ძალიან კარგი პაკეტი მქონდა, თუმცა მათ მითხრეს,  რომ, როგორც კრიმინალს, არ დამიფინანსებდნენ მკურნალობას და პოლიციიდან ცნობა უნდა მიმეტანა, რომ კრიმინალი არ ვიყავი".

პოეტი ზვიად რატიანი EMC-ის სამართლებრივი დახმარებით შსს-სგან მორალური ზიანის ანაზღაურებას სასამართლოში მოითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, სარჩელს საქალაქო სასამართლოში უახლოეს დღეებში წარადგენენ. 

____________________________________

ზვიად რატიანის საქმე

„თამარ მეფის გამზირზე ვიყავი და ბანკომატთან შევჩერდი" - ჰყვებოდა 24 დეკემბერს, დაკავებიდან მეორე დღეს ზვიად რატიანი.

მისი მონათხრობის მიხედვით, ბანკომატთან რამდენიმე ადამიანი მიუახლოვდა. ისინი არ იყვნენ პატრულის თანამშრომლები, რადგან, მათ არ ეცვათ ფორმა, და თავდაპირველად რატიანმა ვერც აღიქვა, რომ ისინი შსს-ს თანამშრომლები იყვნენ.

მას ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა, და მასთან მისულმა პირებმა დამცინავად ჰკითხეს, თუ რატომ იყო ასეთი ფერის ტანსაცმლით შემოსილი, რაზეც პოეტმა  მიუგო, რომ ეს მათი საქმე არ იყო.

საუბარი გამწვავდა, და შსს-ს თანამშრომლებმა რატიანი მანქანაში ჩასვეს, რა დროსაც სცემეს კიდეც. მას ფიზიკურად მანქანაშიც გაუსწორდნენ, და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც რატიანი იხსნებს,  გზაში, სანაპიროზე, მოფარებულ ადგილზეც ჩამოსვეს და იქაც სცემეს. ხელებზე და ფეხებზეც ბორკილები დაადეს და ბოლოს საქმის ერთსაათიანი, ტელეფონზე გარკვევის შემდეგ დიღომში, იზოლატორში გადაიყვანეს.
____________________________________
ზვიად რატიანის საქმე სოციალურ ქსელს სწრაფად მოედო, განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ქცევამ - მაუწყებლის ფეიჯზე შსს-ს მიერ მომზადებული ვიდეო აიტვირთა, რამაც ზემოთ ჩამოთვლილ ინციდენტებს დაუდო სათავე. ამ ქმედებით მაუწყებელი საზოგადოებრივი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, ვებგვერდის რედაქტორი ირინა დეკანოიძე და ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე ეთიკის პრინციპების დამრღვევად მიიჩნია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც, თუმცა, თავად ტელევიზიის მენეჯმენტი ვიდეოს პრობლემურად არ თვლის.

რატიანს მხარდაჭერა გამოუცხადეს მწერლებმა, პოეტებმა, მისი შემოქმედების მოყვარულებმა და სხვა მოქალაქეებმა. გაიმართა საპროტესტო აქციები, შეხვედრები. ერთ-ერთ ამ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრიც მივიდა და თავისი არგუმენტების წარდგენა სცადა. მას რატიანთან შეხვედრაც უნდოდა, თუმცა პოეტისგან უარი მიიღო. 

სასამართლომ ზვიად რატიანი 2000 ლარით დააჯარიმა. თავის მხრივ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა შსს სამართალდამრღვევად ცნო და ასევე 2000 ლარით დააჯარიმა. მიზეზი პოლიციელების მიერ ზვიად რატიანთან კომუნიკაციის პირადი მობილური ტელეფონით გადაღება და რატიანის შესახებ მობილურით გაკეთებული ჩანაწერის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემა იყო. 

დღეს პრესკონფერენციაზე EMC-ის იურისტმა სოფო ვერძეულმა პროკურატურას მოუწოდა, რომ ზვიად რატიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს (აქამდე პროკურატურამ 4-ჯერ განაცხადა უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე), ასევე შეცვალონ დანაშაულის კვალიფიკაცია და გამოძიება წარმართონ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^