ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელ ჭიშკართან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება კვარცხლბეკიდან ჩამოადგეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რადიო „ათინათმა“ გაავრცელა. კოლხური ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება ქრ.შ-მდე VIII-VII საუკუნეებს მიეკუთვნება.
„ლიბერალი“ დაუკავშირდა დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორ ლალი ბერაიას. მისი თქმით, კვარცხლბეკიდან ჩამოგდებულ ქანდაკებასთან იპოვეს წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ქანდაკება წარმართული პერიოდისაა და მუზეუმის ეზოში არ უნდა იდგეს. ლალი ბერაიას თქმით, წერილი მას არ უნახავს და ამის შესახებ უამბეს.
„მე თვითონ არ მინახავს წერილი, მაგრამ მითხრეს, რომ წაქცეულ ქანდაკებასთან იყო დატოვებული წერილი, რომ ეს ქანდაკება არის წარმართული პერიოდის და ის არ უნდა იყოს მუზეუმის ეზოში. თუმცა ისიც ითქვა, რომ რადგან ეს ბრინჯაო იყო, მისი მოპარვა უნდოდათ“, – განაცხადა ლალი ბერაიამ.
მუზეუმის ეზოში ქანდაკების დადგმის ინიციატორი ზუგდიდის მერია იყო.
„იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ქანდაკება იდგა, დადიანების სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მუზეუმის ადმინისტრაცია იქ არ იმყოფება. ამიტომ, მე თავად არ მინახავს ეგ წერილი. ეს ტერიტორია ჩვენია, მაგრამ ხელშეკრულებით, დროებით მერია სარგებლობს. მათ დადგეს ეს ქანდაკება იქ. ქანდაკება ძალიან მცირე ზომისაა. დიდი ზომის ქანდაკება უნდოდათ, დაედგათ, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არ მისცა ამის ნება. ეს ქანდაკება უმნიშვნელოდ, ჩაკარგული იყო იმ ადგილას. ძალიან თუ დააკვირდებოდა ადამიანი, მხოლოდ მაშინ შეამჩნევდა“, - გვითხრა ბერაიამ.