7 მაისს ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციაა. 5 მაისს კი მის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. „Он нам не царь" (ის ჩვენი მეფე არაა)“ - ამ მოწოდებით ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი პუტინის პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩევას გააპროტესტებს.
„იმის ნაცვლად სიღარიბესა და ჩაგვრას ებრძოლოს, ხელისუფლება მხარს ოლიგარქებს უჭერს. ყელში ამოგვივიდა „ლაიქებისა“ და პოსტებისთვის ხალხის დაჭერა. იმის ნაცვლად ინტერნეტი განავითაროს, ხელისუფლება ბლოკავს მას. მაშინ, როცა ინგრევა ჯანდაცვა და განათლების სისტემა, ინგრევა სახლები და ნადგურდება საჯარო სერვისები, ხელისუფლება მილიარდობით რუბლს პროპაგანდისთვის ხარჯავს.
5 მაის ჩვენ დავიკავებთ ქუჩებს. გავაპროტესებთ ქვეყანაში მონარქიის დამყარებას, კორუფციას, გავაპროტესტებთ უთანასწორობას, ცენზურასა და უკანონობას. გამოვალთ, რომ დავიცვათ ჩვენი უფლება, რუსეთის ნამდვილი მოქალაქეები ვიყოთ“, - ნათქვამია აქციის შესახებ განცხადებაში.
„Он нам не царь“ - ამ სლოგანით აქციამდე რუსეთში ონლაინკამპანიაც დაიწყო. მოქალაქეები აქციის მხარდამჭერ ვიდეოებს იღებენ და რუსეთში დაგროვებულ პრობლემებზე საუბრობენ. როგორც ნავალნი ჰყვება, ხელისუფლების ზეწოლის მიუხედავად, აქციის მხარდამჭერ კამპანიაში ასობით მოქალაქე ჩაერთო.
ნავალნი ხელისუფლებას სოციალურ პრობლემებთან ერთად ინტერნეტის შეზღუდვისა და პროპაგანდისთვისაც აკრიტიკებს. 16 აპრილს რუსეთის ხელისუფლებამ Telegram-ის დაბლოკვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კომპანიამ უშიშროების სამსახურს მომხმარებელთა პირად მიმოწერაზე წვდომის ნება არ დართო.
კომპანიის განცხადებით, „ეფ-ეს-ბეს“ მოთხოვნა არაკონსტიტუციურია და აკრძალვის მიუხედავად, მუშაობას მაინც განაგრძობს. აპლიკაციის დაბლოკვის მიუხედავად, მომხმარებელთა ნაწილი სხვადასხვა ხერხით მასზე წვდომას მაინც ახერხებს და Telegram-იც მუშაობას აგრძელებს.
Telegram-ის გამო ხალხი ქუჩაშიც გამოვიდა. მოსკოვში აპლიკაციის მხარდამჭერი აქციები მისი დაბლოკვის შემდეგ პერმანენტულად მიმდინარეობს. ლიბერტარიანული პარტიის ლიდერ სერგეი ბოიკოსთან ერთად მოქალაქეთა პროტესტში ალექსეი ნავალნიც იყო ჩართული.
ვლადიმირ პუტინი რუსეთში პრეზიდენტად 18 მარტს კიდევ ერთხელ აირჩიეს. არჩევნებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატურა დაუბლოკა ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის. ის 2017 წლის თებერვალში კიროვში სასამართლომ სახელმწიფო კომპანია „კიროვლესის“ კუთვნილი ქონების მითვისების საფუძველზე დამნაშავედ ცნო. სწორედ ამის გამო ბლოკავს მის კანდიდატურას საარჩევნო კომისია. კომისიის თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ განმარტა, რომ რუსეთის ცესკომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ კანონმდებლობიდან გამომდინარე მიიღო და ნავალნისთვის გამონაკლისს ვერ დაუშვებდნენ.
ნავალნი კი ამბობს, რომ სასამართლო მიკერძოებული იყო და ის დამნაშავე არაა. ეს საქმეც მისთვის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ხელის შეშლისთვის გამოიყენეს.