Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ამბობს საერთაშორისო კვლევა ქართველი მოსწავლეების წიგნიერებაზე

06 მაისი, 2018 19:03

ქართველი მოსწავლეების 14% მინიმალურ დონეზეც ვერ ახერხებს წაკითხულის გააზრებას - ასეთია წიგნიერების საერთაშორისო კვლევის (PIRLS, 2016) უახლესი მონაცემები. კვლევის შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კონფერენციაზე - „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“ 5 მაისს წარადგინა.

PIRLS -ი წიგნიერების საერთაშორისო კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს, შეაფასოს 9-10 წლის მოზარდების წაკითხულის გააზრების უნარი.

მოსწავლეთა შედეგების რეიტინგული სკალის თანახმად, ქართველ მოსწავლეთა მხოლოდ 2% ახერხებს წაკითხულის გააზრებისას უმაღლესი საფეხურის დაძლევას, რაც გულისხმობს, რომ მოსწავლე გაწაფულია კითხვაში, იგებს, იაზრებს, აანალიზებს, ასაკთან შესაბამის როგორც ლიტერატურულ, ასევე საინფორმაციო ტიპის ტექსტებს.

მიღწევების მაღალ საფეხურზეა მოსწავლეთა 22%, საშუალო საფეხურზე - 60%, დაბალ საფეხურზე კი მოსწავლეთა 86%. (მოცემულია კუმულაციური პროცენტი) მოსწავლეთა 14% კი ე.წ. „კრიტიკული მასაა“, რომლებიც მინიმალური დონეზეც ვერ ახერხებენ წაკითხულის გააზრებას.

„ეს რა თქმა უნდა საგანგაშო ციფრია. თუკი მონაცემებს შევაჯამებთ და გავაერთიანებთ იმ მოსწავლეთა რაოდენობას, რომელთაც წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარები არ გააჩნიათ ან ეს უნარი დაბალ დონეზე აქვთ განვითარებული, ჩვენ გვყავს ძალიან დიდი რაოდენობა ე.წ. რისკჯგუფი ბავშვებისა, რომლებსაც სწავლის მომდევნო საფეხურზე, მნიშვნელოვანი პრობლემები შეიძლება შეექმნათ ისეთი საგნების სრულფასოვანი სწავლისას როგორიცაა ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, თუკი მათ არ ექნებათ შესაბამისი მხარდაჭერა“,- განაცხადა კვლევის შედეგების წარდგენისას გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი და კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ია კუტალაძემ.

კვლევის შედეგების უფრო დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსწავლეთა შედეგები განსხვავებულია ქალაქსა და სოფლად მდებარე, კერძო და საჯარო, ასევე არაქართულენოვანი სკოლების შემთხვევაში.

უფრო კონკრეტულად კი, მაგალითისთვის, ქალაქში მდებარე სკოლებში მოსწავლეთა 11% წაკითხულის გააზრების მინიმალური კომპეტენციაც არ აქვს, სოფლად მდებარე სკოლების მოსწავლეთა შემთხვევაში, ეს მონაცემი 18%-ია. საჯარო სკოლის მოსწავლეთა შედეგები ჩამორჩება კერძო სკოლის მოსწავლეთა შედეგებს. ასევე, არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეთა შედეგები ჩამორჩება ქართულენოვანი სკოლის მოსწავლეთა შედეგებს.

„განათლების სისტემის მიზანია თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი ყველასათვის მიუხედავად სკოლის ადგილმდებარეობისა, მოსწავლეთა ეთნიკური წარმომავლობისა და ა.შ. ეს შედეგი მეტყველებს, რომ ჩვენ ამ თანასწორობის პრინციპს ვერ ვაღწევთ. მიზეზებს თუკი გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ „კარგი მკითხველები“ სწავლობენ რესურსებით მდიდარ სასკოლო გარემოში, აქ იგულისხმება, როგორც მოსწავლის ოჯახში არსებული საგანმანათლებლო რესურსი, ისე სკოლაში არსებული საგანმანათლებლო რესურსი, თუკი ამ რესურსებს გავაკონტროლებთ, მათ შორის სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდება და აზრს დაკარგავს“,- ამბობს ია კუტალაძე.

რა ფაქტორები ახდენს გავლენას მოსწავლეების შედეგებზე? როგორც ია კუტალაძე განმარტავს, კვლევა ადასტურებს იმას, რომ რაც უფრო ბევრ სასწავლო რესურსზე მიუწვდებათ მოსწავლეებს ხელი, მით უფრო მაღალია მათი შედეგები. უფრო მეტიც, რაც უფრო მეტს კითხულობენ მშობლები, უფრო „კარგი მკითხველები“ არიან ბავშვებიც. მაგალითისთვის, ასეთი სასწავლო რესურსია,- წიგნები, განათლებული მშობლები, მეტი ციფრული მოწყობილობა და ა.შ.

 „მიუხედავად იმისა, რომ კვლევა სასკოლო განათლებაზეა ორიენტირებული, ჩვენ ვხედავთ, რომ ის რაც ხდება ოჯახში არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მართალია ოჯახი სკოლის ფორმალური რეგულაციების მიღმაა, მაგრამ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შემდეგ ბავშვმა კარგად ისწავლოს“,- ამბობს ია კუტალაძე.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც ის ყურადღებას ამახვილებს სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაა. მისი თქმით, მოსწავლეები რომლებიც საერთოდ არ დადიოდნენ ბაღში, უფრო დაბალი მიღწევები აქვთ, ვიდრე იმ მოსწვალეებს, რომლებიც ბაღში დადიოდნენ. ვინაიდან მისი თქმით, სასკოლო მზაობა გულისხმობს ბავშვის ფიზიკურ, ემოციურ, სოციალურ განვითარებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორებია იმისთვის, რომ მოსწავლემ დაწყებით საფეხურზევე სრულფასოვნად შეძლოს სწავლა.

კვლევაში საქართველო პირველად 2006 წელს ჩაერთო და 2016 წელს კვლევის მესამე ციკლი ჩატარდა. კვლევაში ჩართული იყო 200 სკოლა, 6000-მდე მოსწავლე, მათი მშობლები, მასწავლებლები და დირექტორები.

კვლევის შედეგებზე საუბრისას ია კუტალაძე ამბობს, რომ დინამიკა პოზიტიურია, წინა შედეგებთან შედარებით, დაახლოებით 10%-ით შემცირდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვისაც წაკითხულის გააზრებისას მინიმალური კომპეტენციები არ აქვთ, თუმცა მისი შეფასებით შედეგები მაინც საგანგაშოა, თუკი გავითვალისწინებთ იმ ფუნდამენტურ მნიშვნელობას, რასაც მოსწავლისათვის წაკითხულის გააზრების უნარი გულისხმობს.

უფრო დეტალური ინფორმაცია კვლევის მიგნებების შესახებ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე უახლოესი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება. სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასებებს საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უძღვება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^