შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმწიფო შეფასება პირველად ჩაატარა. კვლევის შედეგები ცენტრმა კონფერენციაზე „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“ 5 მაისს წარადგინა.
სახელმწიფო შეფასებამ აჩვენა, რომ ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლისას არაქართულენოვანი მოსწავლეების ნახევარზე მეტი მინიმალურ დონეზეც ვერ ძლევს სასწავლო გეგმას.
უფრო კონკრეტულად კი, შეფასების სკალის მიხედვით, სასწავლო გეგმის დაძლევის მაღალი მაჩვენებელი აქვს მოსწავლეების 12%-ს, საშუალო - 12%-ს, დაბალი - 13%-ს, ზღვარს მიღმა კი მოსწავლეების 63%-ია.
თუმცა, თუკი უფრო დეტალურად გავაანალიზებთ მონაცემებს, სასწავლო გეგმის დაძლევის მაჩვენებელი განსხვავდება სწავლების პირველი ენის (აზერბაიჯანულის, სომხურის, რუსულის) მიხედვით - აზერბაიჯანული - 13%, სომხური - 40%, რუსული - 77%.
როგორც კვლევის შედეგების წარდგენისას განათლების საკითხების მკვლევარმა, თამარ ბრეგვაძემ განაცხადა, სკოლებს შორის ამგვარ განსხვავებას ძირითადად ორი ფაქტორი განაპირობებს,- თუ სად არის განთავსებული სკოლა, მდებარეობს თუ არა სკოლა ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილას, მდებარეობს ქალაქში თუ სოფლად.
კვლევაში ჩართული იყო ყველა სკოლა, რომელშიც არის არაქართულენოვანი სექტორი ან სწავლა მიმდინარეობს არაქართულ ენაზე - 259 სკოლა, 4142 მოსწავლე, 257 დირექტორი, 306 მასწავლებელი და 4028 მშობელი. კვლევა ჩატარდა მე-7 კლასელ მოსწავლეებში.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყველაზე დიდ სირთულეს მოსწავლეებისთვის წერა წარმოადგენს. მოსწავლეების შედეგები უკეთესია იმ სკოლებში, სადაც სასწავლო რესურსები უკეთეს მდგომარეობაშია (მასწავლებელი, სახელმძღვანელო, ბიბლიოთეკა) გარდა ამისა, მოსწავლეების შედეგები უფრო მაღალია იმ სკოლებში, სადაც ქართულის სწავლება პრიორიტეტულად მიიჩნევა.
თუკი საერთაშორისო შეფასებებს გადავხედავთ, კვლევები აჩვენებს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების აკადემიური მიღწევები ჩამორჩება ქართულენოვანი მოსწავლეების შედეგებს.
მაგალითად, წიგნიერების საერთაშორისო კვლევის (PIRLS) შედეგები:
კვლევა აჩვენებს, რომ მოსწავლეების შედეგებზე წიგნიერებაში ისეთი ფაქტორები ახდენს გავლენას, როგორებიცაა: მშობელთა ჩართულობა შვილის ადრეულ განათლებაში, სასკოლო მზაობა, მშობლებს უყვართ კითხვა, ოჯახის საგანმანათლებლო რესურსები, ბულინგი და სხვა.
მაგალითისთვის, ამავე კვლევის თანახმად, აზერბაიჯანულ სექტორში მოსწავლეების 81% არ დადიოდა ბაღში, ქართულ სექტორში ეს მაჩვენებელი 12%-ია.
სახელმწიფო შეფასების პრეზენტაციისას წარმოდგენილი იყო კვლევის რაოდენობრივი ნაწილი. როგორც თამარ ბრეგვაძემ განაცხადა, იგეგმება კვლევის თვისებრივი ნაწილის ჩატარებაც.