"გამჭირვალობა საქართველო" საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად არჩეული სამეურვეო საბჭოს წევრის ნინია კაკაბაძის მიერ მაუწყებლის ცალკეული გადაცემების მთლიანი დაფინანსებისა, ასევე თანამშრომლების ხელფასების მონაცემების გამოთხოვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მათი ნაწილი კრიტიკულად შეხვდა აღნიშნულ მოთხოვნას. ნინია კაკაბაძეს მენეჯმენტისგან ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღია.
ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"რისი უფლება აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს:
მაუწყებლობის შესახებ კანონის 30-ე მუხლი ადგენს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებას, მათ შორის:
-
გენერალური დირექტორის წარდგინებით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს;
-
ისმენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ყოველკვარტალურ ფინანსურ ანგარიშს (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად), კვარტლის დასრულებიდან 1 თვის ვადაში;
-
განსაზღვრავს გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას;
-
გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს.
კანონმდებლობა პირდაპირ აძლევს სამეურვეო საბჭოს უფლებას, არა თუ წვდომა ჰქონდეს თანამშროემელთა ანაზღაურებაზე, არამედ თავადვე დაამტკიცოსს საშტატო განრიგი, რომელიც დღემდე არ აქვს მიღებული მაუწყებელს, განსაზღვროს თანამშორმელთა სარგო, სახელფასო ფონდი, პრემიის ოდენობა და ა.შ. კანონმდებელი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სამეურვეო საბჭოს მიერ ბიუჯეტის შესრულებაზე მონიტორინგს, ვინაიდან პარლამენტმა შესაძლოა მთლიან ბორდს გამოუცხადოს უნდობლობა, თუ მიღებული ბიუჯეტი არ შესრულდა და საბჭომ არ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მის შესასრულებლად (27-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი).
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო და მენეჯმენტი არაერთგზის გამხდარა კრიტიკის ობიექტი მაუწყებლის მიერ გაწეული ბუნდოვანი თუ დაუსაბუთებელი ხარჯების გამო, მათ შორის აუდიტის სამსახურის შემოწმებამ მნიშვნელოვანი ფინანსური და მმართველობითი დარღვევები გამოავლინა.
საერთაშორისო გამოცდილება
წამყვანი ევროპული საზოგადებრივი მაუწყებლების გამოცდილებიდან ცალსახად ჩანს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მაუწყებლები ფინანსურ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. ევროპული მაუწყებლები პროაქტიულად აქვეყნებენ დეტალურ ინფორმაციას თანამშრომელთა ხელფასებისა თუ ცალკეული გადაცემების ბიუჯეტების შესახებ.
BBC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ანბანური თანმდიმდევრობით წამყვანი თანამშრომლების შემოსავლები, მათ შორის ყოფილი თანამშრომლებისა. ბრიტანული მაუწყებელი არა მხოლოდ აქვეყნებს სტატისტიკურ ინფორმაციას, არამედ ცალკე თავის სახითაც აქტიურად აშუქებს, თუ რომელ თანამშრომლებს აქვს მაღალი ანაზღაურება.
გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებელიც (ARD) პროაქტიულად აქვეყნებს დეტალურ ფინანსურ ანგარიშებსა და თანამშრომლების სარგოებს საკუთარ ვებ-გვერდზე.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (Yleisradio Oy) თანამშრომელთა ხელფასების ოდენობის შესახებ ინფორმაციაც საჯაროდ ხელმისაწვდომია."