
სომხეთში პარლამენტმა დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანი აირჩია. ფაშინიანმა 105-დან 59 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.
------------
1 მაისს სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანის კანდიდიტურა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არ დაამტკიცა. 56-მა დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 45-მა მხარი დაუჭირა.
ამის შემდეგ 2 მაისს, ერევნის ცენტრში შეკრებილ ათასობით მოქალაქესთან სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და აქციები ისევ განახლდა. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ქუჩები და ხიდები. გადაიკეტა ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი გზა. აეროპორტის თანამშრომლები შეუერთდნენ საყოველთაო გაფიცვას. მომდევნო დღეს კი ფაშინიანმა სთხოვა აქციის მონაწილეებს, რომ შეეჩერებინათ „საყოველთაო დაუმორჩილებლობა“, მანამ, სანამ ისინი პარლამენტთან აგრძელებდნენ მუშაობას.
როგორც 1 მაისს, ფაშინიანი ახლაც ერთადერთი კანდიდატი იყო ამ პოსტზე. ფაშინიანს პოსტზე დასამტკიცებლად პარლამენტისგან 53 ხმა საკმარისი იყო.
ერევანში ანტისახელისუფლებო გამოსვლები 13 აპრილს დაიწყო. მოქალაქეები სერჟ სარგისიანის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომას მოითხოვდნენ. სარგსიანმა თანამდებობა 23 აპრილს დატოვა, თუმცა მისი გადადგომის შემდეგ პროტესტი გაგრძელდა.