
სახალხო დამცველი თანდოიანცის ეკლესიაზე განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი ისევ მოითხოვს ეკლესიაზე სამუშაოების შეჩერებას და საპატრიარქოს საკუთრებაში შენობის გადაცემის ბათილად ცნობას.
ომბუდსმენი წერს, რომ ხელისუფლებამ არ გაიზიარა მისი რეკომენდაცია ეკლესიაზე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ. ამის შემდეგ საპატრიარქომ შენობას ნაწილი მოანგრია, ძეგლთა დაცვის სააგენტომ კი სანებართვო პირობების შესრულება არ შეამოწმა.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პოზიციები.
მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციაში ხაზგასმით იყო აღნიშნული ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების და მოსალოდნელი საფრთხეების თაობაზე, და ევალებოდათ კიდეც სამუშაოებზე ზედამხედველობა, ადრესატები შემოიფარგლნენ ძეგლზე გაცემული კვლევითი სამუშაოების ნებართვაზე მითითებით და არ შეამოწმეს სანებართვო პირობების შესრულება“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით შესაბამის უწყებებს 2018 წლის 13 მარტს მიმართა. ომბუდსმენი მოითხოვდა, გაბათილებულიყო თანდოიანცის ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კი მიმდინარე სამუშაოები დაუყოვნებლივ შეჩერებულიყო, რადგან ეს სამუშაოები ცვლიდა მის იერსახეს.
ომბუდსმენის განცხადებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დღეს არსებული ნანგრევების საქართველოს საპატრიარქოსადმი კუთვნილებას დაადასტურებდა.
მეტიც, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათში მითითებულია მისი სომხური ეკლესიისადმი კონფესიური კუთვნილების თაობაზე, კედელზე კი შემორჩენილია სომხურენოვანი წარწერა, რომელიც მის ამშენებელზე კეკელ გრიგორიან-თანდოიანცზე მიუთითებს.
თანდოიანცის ეკლესიის მორღვეული ფასადი - რესტავრაცია თუ დემონტაჟი