Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კითხვები დავით ქევხიშვილს - ძიუდოისტები განცხადებას ავრცელებენ

10 მაისი, 2018 19:08

ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი განცხადებას ავრცელებს. სპორტსმენი ძიუდოისტების სახელით ფედერაციის პრეზიდენტს საჯაროდ მიმართავს, რადგან ლიპარტელიანის თქმით, ქევხიშვილმა სპორტსმენებთან პრობლემებზე უშუალოდ საუბარს თავი აარიდა.

„სად წავიდა და დაიკარგა სპორტსმენების ლიცენზიით მოპოვებეული თანხები? საუბარია 85 ათას ლარზე, რომელიც ჩაერიცხა ფედერაციას სპორტსმენებისთვის, თუმცა სპორტსმენებმა მხოლოდ 13 ათასი მიიღეს. სად დაიხარჯა და რა მიზნობრიობით დაიხარჯა ეს თანხა? ვითხოვთ წარმოადგინოს ყველა საბუთი.

სად მიდის მწვრთნელების სახელფასო ფონდიდან ჩარიცხული ხელფასების 10 პროცენტი, რომელიც პირდაპირ ფედერაციაში „ატკატის“ სახით ბრუნდება? სად მიდის მწვრთნელებისთვის განკუთვნილი საპრემიო ფონდი, რომელიც პირდაპირ მწვრთნელს ეკუთვნის. რატომ აბრუნებინებს 10 პროცენტს და რაში ხარჯავს ამ თანხას?

ვისი თანხებით დადიან გულშემატკივრები შეჯიბრებებზე. მე მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხდო, მაგრამ როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს არ ჰყავს მასაჟისტი და ამავდროულად უამრავი გულშემატკივარი მოდის, ვითხოვთ ქევხიშვილმა დააკონკრეტოს - ვისი თანხებით მოდიან ისინი თამაშებზე?

რატომ არ ჰყავს გოგონათა ნაკრებს პირადი ექიმი, ეს გუნდი არ არის თუ მათ ექიმი არ სჭირდებათ?

დაგვისახელე ბატონო დავით, რა ძალებზე საუბრობ და ვინ გვმართავს ჩვენ? თქვენ თქვით, რომ მართული გუნდი ვართ და ამიტომ ვითხოვთ დაკონკრეტებას სახელსა და გვარს იმ ადამიანის, ვინც ჩვენ გვმართავს.

ყრილობა რატომ არ იყო საჯარო? რატომ იყო დახურული და რატომ არ ჰქონდა ჟურნალისტებს შეხვედრაზე დასწრების უფლება, რომ საჯარო ყოფილიყო ის თემები, რასაც ყრილობაზე განიხილავდით?

ვინ არიან აღმასკომის წევრები, ის ადამიანები ვინც ძიუდოს ბედს უწყვეტენ? რა მიმართულებით და მიზნით დაინიშნენ ისინი?

რამდენი კლუბი არის „შევარდენ 2005“- ში დარეგისტრირებული, რომელ კლუბებსაც აქვთ პრეზიდენტის არჩევის უფლება? ჩამოთვალოს, რამდენი კლუბია.

რომელმა სპორტსმენმა ამოვწურეთ ჩვენი შესაძლებლობა, არ შეგვწევს იმის ძალა, რომ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ, ვასრულებთ კარიერას და ვითხოვთ ფედერაციაში ან პრეზიდენტობას ან ვიცე პრეზიდენტობას?

რატომ ატანინებს სპორტსმენებს საკლუბო ტურნირებიდან მათთვის განკუთვნილი პრემიებიდან 10%-ს უკან და სად მიდის ეს თანხები? ან რა მიზნისთვის ითხოვდა პირადად ჩემგან და ნაკრების სხვა სპორტსმენებისგან ასევე პრემიების 10%-ს?

სად წავიდა „ზედაზენის“ მიერ დაფინანსებული შეჯიბრის თანხები, რატომ არ მისცეს ეს თანხები სპორტსმენებს, რომლებიც მათ საპრიზო ადგილების მიღებისთვის უნდა მიეცათ? სპორტსმენებს ცარიელი კონვერტები გადასცეს.

რატომ ათავისუფლებს დავით ქევხიშვილი მწვრთნელებს აღმასკომის გარეშე?

რატომ აძლევს სპორტსმენებს კიმონოებს შერჩევით, მაშინ როდესაც შედეგებიდან გამომდინარე სხვადასხვა კომპანიები საჩუქრად უგზავნიან ამ კიმონოებს ფედერაციას. მაგალითად „ადიდასი“, რომელიც 300 კიმონოს გვიგზავნის?

რატომ არ შეგვხვდა ორშაბათს დავით ქევხიშვილი ორშაბათს და არ სურს საჯაროდ ისაუბროს ამ პრობლემებზე?“ - განაცხადა ლიპარტელიანმა.

--------------

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ერთი კვირაა ითხოვენ. დღეს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაც გაიმართა. დავით ქვეხიშვილის თქმით, ის მზად იყო სპორტსმენებს შეხვედროდა ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ყრილობა სპორტსმენებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, ფედერაციის პრეზიდენტმა ძიუდოისტების კითხვებს არ უპასუხა.

ძიუდოისტებსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის დაპირისპირება თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატს მოჰყვა. ისრაელში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა. წარუმატებლობის შემდეგ 30 აპრილს ნაკრების მთელი სამწვრთნელო შტაბი გადადგა.

ყოფილმა ძიუდოისტმა და პარლამენტარმა ზურაბ ზვიადაურმა ევროპის ჩემპიონატში წარუმატებლობისთვის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გააკრიტიკა. ზვიადაური წერდა, რომ ქევხიშვილი არამიზნობრივად ხარჯავს ფულს, ფედერაცია ნაკრების მწვრთნელის საქმიანობაში ერევა და სპორტის ეს სახეობა საქართველოში ნადგურდება.

ქევხიშვილის კრიტიკა დაიწყეს თავად ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმაც. მათ 4 მაისს ფედერაციასთან აქციაც გამართეს და განაცხადეს, რომ სანამ ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას არ დატოვებს შეჯიბრებებზე არ გამოვლენ. ბოსნიაში ტურნირზე ასპარეზობა ამის გამო შეწყვიტა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა. ის საქართველოში დაბრუნდა და სპორტსმენთა პროტესტს შეუერთდა.

დავით ქევხიშვილმა პროტესტს მართული უწოდა. „მართული პროცესია, რომლის უკანაც გაკრვეული ძალები დგანან. დღეს ზედმეტია ამაზე საუბარი“, - თქვა ქევხიშვილმა.

ფედერაციის პრეზიდენტს დაუჭირა მხარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი თქმით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს საკუთარი მოვალეობები და ისე იმოქმედონ.

„პირადად ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარია მოთხოვნებში, თუმცა [ძიუდოისტებსა და ფედერაციასთან] შეხვედრაზე, ალბათ, უფრო მეტი მეცოდინება. ჩემი აზრით, ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს. ის არჩეული პრეზიდენტია და უმჯობესი იქნება, რომ გააგრძელოს საქმიანობა“ - თქვა ყაველაშვილმა.

კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კი მხარეებს სამართლებრივ ჩარჩოში დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის.

„სამინისტროს, საპარლამენტო კომიტეტის და ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი კომისია ჩამოყალიბდა, რომელმაც გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია ფედერაციიდან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც იყო ამ დღეებში საუბარი“, - თქვა მინისტრმა. გიორგაძემ განმარტა, რომ კომისია ყველა საკითხს უახლოეს დღეებში შეისწავლის და იქნება მიუკერძოებელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^