Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უსაფრთხო სკოლა - რა გამოწვევების წინაშე დგას სკოლა და სახელმწიფო

11 მაისი, 2018 13:25

როგორი უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო სასწავლო გარემო? როგორია საზოგადოების როლი უსაფრთხო სკოლის ჩამოყალიბების პროცესში? რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ სკოლებს, რათა  საჭიროებიდან გამომდინარე თავად დაგეგმონ და განახორციელონ სასკოლო უსაფრთხოების პროგრამები? - ამ და უსაფრთხო სკოლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე სამსჯელოდ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა.

დარგის სპეციალისტების შეფასებით, სკოლების უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით არსებული სისტემა და დაგეგმილი ცვლილებები ძირითადად ორიენტირებულია კონტროლზე და ნაკლებად - მოსწავლეებში ღირებულებების განვითარებაზე. უფრო მეტიც, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არ არის დანერგილი სკოლების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული უსაფრთხო სკოლის პროგრამები; უსაფრთხო სასკოლო გარემოს შესაქმნელად საკმარისად არ ხდება სკოლასა და საზოგადოებაში არსებული რესურსების გამოყენება.

უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე საუბრისას სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი თამარ მოსიაშვილი ყურადღებას, ერთი მხრივ, კონტროლზე ამახვილებს, მეორე მხრივ კი, ზრუნვაზე ორიენტირებულ უსაფრთხო სასკოლო გარემოზე. ის მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სკოლები ისწრაფვოდნენ ზრუნვაზე ორიენტირებული სისტემისკენ, რაც მოსწავლეებში ღირებულებების განვითარებას უზრუნველყოფს, რათა მათ არამხოლოდ სკოლის შიგნით, სკოლის გარეთაც იცოდნენ, როგორ დაიცვან საკუთარი თავიც და სხვებიც ძალადობისა და ჩაგვრისგან.

მისი შეფასებით, პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო ორიენტირებულია კონტროლზე და არ ცდილობს ამგვარი ღირებულებითი განათლების წახალისებას. სახელმწიფოს მხრიდან სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული ქმედებები კი მეტწილად  უკვე მომხდარზე რეაგირებაა და ნაკლებად პრევენცია.

ამის საილუსტრაციოდ დისკუსიის მონაწილეებმა რამდენიმე მაგალითი გაიხსენეს, მათ შორის უახლესი კი მანდატურის სამსახურის რეფორმაა.

უფრო კონკრეტულად კი მანდატურის სამსახურის რეფორმა და მისთვის უფლებამოსილების გაზრდა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გასული წლის 1 დეკემბერს, 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის კონფლიქტის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.

თუმცა, თამარ მოსიაშვილის შეფასებით, დღის წესრიგში კვლავ ყურადღების მიღმა რჩება მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო უსაფრთხოების ისეთი საკითხები, რომლებიც საშუალებას მისცემს სკოლასა და თემს ერთობლივად იზრუნონ მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. 

სწორედ საზოგადოების როლზე და საზოგადოების აქტიური ჩართულობით სასკოლო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ამახვილებს ყურადღებას თანამედროვე განათლების აკადემიის დირექტორი დავით ლიპარტელიანი:

„თუ კარგად გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ კონტროლზე ორიენტირებული უსაფრთხოება, თავის მხრივ ხელს უწყობს პროცესზე (ზრუნვაზე) ორიენტირებულ უსაფრთხოებას. მაგალითად, 51-ე სკოლის მოსწავლეების შემთხვევაში, სკოლაში რომ არ ყოფილიყო ვიდეოკამერები, შესაძლოა მოსწავლეებს სკოლის გარეთ არ გადაენაცვლათ. როდესაც სკოლაში გაძლიერებულია ასეთი ტიპის უსაფრთხოება, ყველგან კამერაა, ეს ბუნებრივია ბავშვს უბიძგებს კონფლიქტის  სკოლის გარეთ გატანისკენ. ამ დროს კი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი საზოგადოება ხვდება მათ სკოლის გარეთ, საზოგადოება არ უნდა იყოს გულგრილი ამგვარი კონფლიქტების მიმართ“.

მეორე მხრივ, დავით ლიპარტელიანი ყურადღებას სკოლების ავტონომიის მნიშვნელობაზეც ამახვილებს, რაც ერთგვარი წინაპირობაა იმისა, რომ სკოლამ საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე თავადვე იზრუნოს სასკოლო უსაფრთხოებაზე და პასუხისმგებლობაც თავად აიღოს ამ პროცესის დაგეგმვასა და მართვაზე. თუმცა, მისი შეფასებით, პრობლემაა ის, რომ არც საზოგადოება და არც სკოლა სკოლაში მიმდინარე მოვლენებზე, ძირითადად, პასუხისმგებლობას არ იღებს და მას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკისრებს.

„ამგვარი ხედვის წყალობით, სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ სკოლაში, კერძო იქნება თუ საჯარო, როცა რაღაც ხდება, პასუხისმგებელი არის თვითონ. თავადვე წყვეტს, როგორ გადაჭრას ეს პრობლემა, მაგალითად როგორი უსაფრთხოების სისტემა უნდა იყოს სკოლაში. „ეს მე არ მეხება“ - ჯერჯერობით ვერ თქვა განათლების სამინისტრომ. ამის შედეგია ის, რომ დირექტორი ვერ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, სამინისტროს რეალურად არ გადაუბარებია კონტროლი დირექტორისა და სამეურვეო საბჭოსთვის“.

მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე ყურადღებას თემში არსებულ გარემოზე ამახვილებს, რომელიც დიდწილად გავლენას ახდენს სკოლაზე. მისი თქმით, ფიზიკურად და ემოციურად უსაფრთხო გარემოს მხოლოდ სკოლა ვერ უზრუნველყოფს. საჭიროა სკოლამ არამხოლოდ მის შიგნით არსებული რესურსი გამოიყენოს, არამედ აქტიურად ითანამშრომლოს საზოგადოებასთან, მშობლებთან, რადგან მისი შეფასებით, მხოლოდ ამგვარი გუნდური მუშაობითაა შესაძლებელი სკოლებში უსაფრთხო გარემოს რეალურად უზრუნველყოფა.

„თუკი სკოლა მხოლოდ ვიდეოკამერებისა და მანდატურების იმედად დარჩება, ეს ნიშნავს, რომ ის თავს არიდებს იმაზე პასუხისმგებლობას, რაც შესაძლოა სკოლის გარეთ მოხდეს. მიმაჩნია, რომ ბავშვებისთვის ღირებულებების სწავლება ყველაზე მნიშვნელოვანი და საიმედოა, თუმცა ამისთვის საკმარისი არ არის, მაგალითად, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე რამდენიმესაათიანი საუბარი კონფლიქტებზე, ჩაგვრასა თუ ძალადობაზე. მნიშვნელოვანია, რომ  მასწავლებელი შაბლონური დარიგებით კი არ შემოიფარგლებოდეს, არამედ ამაზე იყოს ორიენტირებული, და თუნდაც საკუთარი მაგალითით უჩვენოს ბავშვებს, როგორი შეიძლება იყოს სწორი საქციელი, როგორ გაართვან თავი რთულ და პრობლემურ სიტუაციებს“.

საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით, გიორგი ჭაუჭიძე ამბობს, რომ სკოლაში წარმოქმნილი კონფლიქტებისას ყველა მასწავლებლის ჩართულობით, ამგვარი ერთობლივი მიდგომა უფრო ეფექტურია.

სწორედ ამიტომ ის ეჭვით უყურებს მხოლოდ კონტროლზე ორიენტირებული სასკოლო უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობას.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მანდატურის სამსახურის რეფორმა სასკოლო უსაფრთხოების კონცეფციის მხოლოდ ერთი ნაწილია. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს უკვე პარლამენტი განიხილავს. პროექტის თანახმად, დამტკიცდება განათლების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა რისკჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას. სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრზე სავალდებულო ხდება ვიდეოკამერების დამონტაჟება. იცვლება მანდატურის დანიშვნის წესიც. საერთო ჯამში, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, რეფორმის განხორციელებას 10.6 მილიონი ლარი დასჭირდება. ეს თანხა ძირითადად ვიდეოსათვალთვალო კამერების შესაძენად, მანდატურებისათვის მოსამზადებელი კურსების ჩასატარებლად, რესურსცენტრებში ფსიქოლოგების შტატის დასამატებლადაა განსაზღვრული.

რა შედეგს მოიტანს აღნიშნული ფინანსური რესურსის გაღება რეფორმის განხორციელებისთვის? დისკუსიის მონაწილეები სკეპტიკურად აფასებენ მილიონობით ლარის ამ მიმართულებით ხარჯვას.

დისკუსიის მონაწილეები თანხმდებიან, რომ სკოლებისთვის მეტი თავისუფლების მინიჭების გარეშე, რათა მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სასკოლო უსაფრთხოების სისტემა შეიმუშაონ და განახორციელონ, მხოლოდ კონტროლის გაძლიერებაზე ორიენტირებული რეფორმა შედეგს ვერ მოიტანს. მათი შეფასებით, ეს ფუჭად დროისა და რესურსის დახარჯვა იქნება.

მასალა მომზადებულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და ინტერკულტურული ცენტრის მხარდაჭერით საერთაშორისო კავკასიური ქსელი ბავშვებისთვის ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^