Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დროა, ურთიერთპატივისცემით დავიწყოთ თანაცხოვრება" - 17 მაისს აქტივისტები აქციას აანონსებენ

11 მაისი, 2018 16:33

„ახლა დროა, სოლიდარობით, ერთობლივი შრომითა და ურთიერთპატივისცემით დავიწყოთ საზოგადოებრივი თანაცხოვრება. გავიხსენოთ და ამით დავივიწყოთ ის, რაც 2013 წლის 17 მაისს მოხდა!", - ლგბტ აქტივისტები 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აქციას აანონსებენ.

აქცია 17 მაისს 7 საათზე მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება. 

---------------------------------------- 

ორგანიზაციის განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ. 

„საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდექართულ საზოგადოებას არაერთი სასტიკი, ძალადობრივი აქტი გვახსოვს. ჩვენს მეხსიერებაში ოთხი ომის შავ-თეთრი სურათებია აღბეჭდილი, აქედან ერთი, ყველაზე სასტიკი - სამოქალაქო ომის. ჩვენ ერთად გამოვიარეთ შიმშილის, განუკითხაობისა და უსამართლობის ათწლეულები, რომელმაც ათასობით თანამოქალაქის ჯანმრთელობა, თავისუფლება, ღირსეული ცხოვრება, ხოლო ხშირშემთხვევაში, საუბედუროდ, სიცოცხლე შეიწირა და იწირავს დღემდე.

ძალადობისა და სიძულვილის დამანგრეველი შედეგები ქართული საზოგადოებისთვის უცხო არაა. ჩვენ ამ სიძულვილით განპირობებულ ტრაგედიებში გაზრდილი საზოგადოება ვართ. ამ პროცესში კი სიძულვილის წამახალისებელ როლს უმეტესად სხვადასხვა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესთა მქონე ჯგუფები ასრულებდნენ.

პოლიტიკოსებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისა თუ დაჯგუფებების ქმედებები თითქმის არასდროს ყოფილა მომართული ქართული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი პრობლემების - სიღარიბის, უმუშევრობისა და უთანასწორობის აღმოფხვრისკენ. ისინი არასდროს გვაჩვენებდნენ საქმით, რომ თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენგან განსხვავებით, ისინი არც კი ფიქრობდნენ ამაზე. ძალაუფლების დასაუფლებლად, შესანარჩუნებლად და ბოროტად გამოსაყენებლად, ყველაზე ხშირად, მათი მთავარი იარაღი იყო არა სიმართლე, მათი მიზანი იყო არა მოქალაქეთა კეთილდღეობა, არამედ ერთმანეთთან დაპირისპირებული და დაქსაქსული საზოგადოება, რომელსაც საერთო, ნამდვილი და რეალური პრობლემების წინააღმდეგ გაერთიანების ძალა აღარ შესწევს, რადგან ერთმანეთთან მტრობითაა დაკავებული.

2013 წლის 17 მაისს საზოგადოება ძალადობაზე, როგორც ყველასთვის საფრთხისშემცველ მტაცებელზე არ ფიქრობდა და შედეგად, სამოქალაქო ომის შემდეგ ყველაზე სასტიკი და სამარცხვინო სამოქალაქო დარბევის მომსწრენიც გავხდით. ამ დღემდე არავის გვქონდა ნანახი, როგორ გამოიყურება ათიათასობით მოქალაქე, რომელიც მოსაკლავად მისდევს რამდენიმე ათეულ მშვიდობიან თანამოქალაქეს. ამ კონკრეტულ დღეს მსხვერპლი არ მოჰყოლია, ამ დღეს ადამიანებმა სიცოცხლე არ დავკარგეთ, მაგრამ ბევრმა ჩვენგანმა დაკარგა ცხოვრების ძვირფასი ნაწილი - ოჯახის წევრები, ბავშვობის მეგობრები, ნაცნობებიდა შეყვარებულებიც კი.

17 მაისს ერთმანეთი დავკარგეთ ადამიანებმა ბარიკადების ორივე მხარეს, ხოლო ამ დღეს აგორებულმა სიძულვილისა და ზიზღის, ჰომოფობიის ტალღამ მოგვიანებითაც არაერთი ჩვენგანი დატოვა მეგობრის, სახლის და სიცოცხლის გარეშე. ჩვენ გვახსოვს, რომ სასტიკად მოკლული ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების გვამები ზოგჯერ არც კი იგლოვეს, ზოგჯერ დაწვეს,ზოგჯერ კი სიხარულით აღნიშნეს ჩვენი დებისა და ძმების სიცოცხლის დასრულება.

2018 წლის 17 მაისს, ჩვენ, ლგბტ/ქვიარ აქტივისტები, ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ვიკრიბებით იმისთვის, რომ შევახსენოთ საზოგადოებას სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები;

მკაფიოდ ვუთხრათ ხელისუფლებას, პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებსა თუ დაჯგუფებებს, რომ ფუჭია საზოგადოებაში შუღლის გაღვივების ყველანაირი მცდელობა, ხოლო მათ, ვინც საკუთარი ვიწრო ინტერესების გამო სამარცხვინო სამოქალაქო მტრობას თესავს, ისტორია და თავად საზოგადოება მოსთხოვს საკადრის პასუხს.

2018 წლის 17 მაისს ვიკრიბებით იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მკაფიოდ და გარკვევით ვუთხრათ: 90-იანი წლებიდან დღემდე, სიძულვილსა და უთანასწორობას ვუყურებთ უკლებლივ ყველა ჩვენგანი, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე, მის მომაკვდინებელ შედეგებსაც უკლებლივ ყველა ჩვენგანი ვიმკით. სიძულვილით უკვე არაერთხელ ვცადეთ და ბუნებრივია, არაფერი გამოგვივიდა, ნგრევის გარდა. ღრმად გვწამს, რომ ახლა დროა, სოლიდარობით, ერთობლივი შრომითა და ურთიერთპატივისცემით დავიწყოთ საზოგადოებრივი თანაცხოვრება. გავიხსენოთ და ამით დავივიწყოთ ის, რაც 2013 წლის 17 მაისს მოხდა!

2018 წლის 17 მაისს ამის სათქმელად ვიკრიბებით ჩვენ;

გაგვიხარდება, თუ შემოგვიერთდებით;",- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^