პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის შეფასებით, გუშინ შსს-ს მიერ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეციპერაციის ფორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუკი საქმე ეხება გადაუდებელ აუცილებობას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის. მისივე თქმით აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-სგან დამატებითი ინფორმაციის მიღებაა საჭირო, თუკი სპეცოპერაციისას ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს შორის არის საშიში სინთეზური ოპიატები, ზოიძის შეფასებით, ეს გარკვეულწილად ამართლებს იმ ფორმას, რაც გამოიყენეს სპეცოპერაციის ჩატარებისას.
„ის რომ ნარკორეალიზაცია უნდა იყოს აღკვეთილი ნებისმიერი საშუალებით, მით უმეტეს, რომ შემოსულია ერთ-ერთი ყველაზე საშიში სინთეზური ოპიატი, რომელსაც ზედოზირების ძალიან მაღალი რისკი გააჩნია და კლავს საატების განმავლობაში,- ამ კუთხით მიზანთან მიმართებაში, მემგონი არავის გასჩენია კითხვა. ნარკორეალიზატორები უნდა დააკავონ და დაისაჯონ.
რაც შეეხება სპეცოპერაციის ჩატარების ფორმას. კითხვები გაუჩნდა ძალიან ბევრ ადამიანს, ახალგაზრდებში ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია ამან. არამგონია, რომ ვინმესთვის გასაგები ყოფილიყოს თუ რატომ არის აუცილებელი ასეთი ფორმით ამ ოპერაციის ცატარება. თუმცა შსს-ს მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ საშიში ნივთიერებაა შემოსული და პრევენცია უნდა მომხდარიყო, რათა არ განმეორებულიყო ის ტრაგედიები რაც მოხდა. შსს-მ ამით დაასაბუთა გადაუდებელი აუცილებლობა, თუმცა შეიძლებოდა ეს ინფორმაცია უფრო დროულად მიგვეწოდებინა მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც არავის აუხსნია რატომ ხდებოდა და რა ხდებოდა“,- უთხრა „ლიბერალს“ აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე შსს-მ დასაბუთებული პასუხები უნდა ჰქონდეს.
„ეს თუ ერთჯერადი იქნება, ყველა მოიგებს ამით ამ ქვეყანაში, არ ვსაუბრობ ნარკორეალიზატორების დაკავებაზე, არამედ ფორმაზე. მაგრამ თუკი ასე გაგრძელდება ეს დისკრედიტაციას გაუწევს მთლიანად საკლუბო ცხოვრებას. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან სერიოზულ წარმატებებს მივღწიეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ამითი ძალიან სერიოზული საშუალება მივეცით ჩვენს ახალგაზრდებს, როგორც თვითრეალიზაციის ასევე საკმაოდ დიდი შემოსავალი გაუჩნდა იმ ოჯახებს, (საუბარი რა თქმა უნდა ნარკორეალიზაციაზე არ არის) რომლებიც ამ სფეროში არიან დასაქმებული.
მინუსები ამ პროცესის და ასეთი ფორმით ამის ჩატარაების ასევე ნათელია. შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ რომ შემდგომი დიალოგი წარვმართოთ იმ აქცენტით, რომ საკლუბო ცხოვრება და ნარკოტიკი ერთმანეთის სინონიმები არ არის. კლუბური ნარკოტიკი და ყველა ნარკოტიკი არის მავნებელი, არ შეიძლება გავაიგივოთ, რომ ღამის კლუბში თუ არის ახალგზარდა, ის აუცილებლად ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშაა. ამ თემაზე საუბარი და დიალოგი მართებს საზოგადოებას, პირველ რიგში ახალგაზრდობასთან არ უნდა მოხდეს ხიდის ჩატეხვა“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
************
გუშინ, ღამით 1 საათისთვის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია დაიწყო. კლუბის სტუმრებს დაატოვებინეს ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აღნიშნულ კლუბებში 3 თვის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად მიმდინარეობდა.
მათი თქმით, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით 8 პირი დააკავეს.
სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია დაიძაბა. სპეცოპერაციის პარალელურად კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ.
„ლიბერალის“ კადრებში ჩანს, თუ როგორ არბევს სპეცრაზმი მოქალაქეებსა და ხელს უშლის ჟურნალისტებს პროფესიული საქმოანობის შესრულებისას.
შემდგომ, აქციის მონაწილეებმა დინამოს მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით პარლამენთან გადაინაცვლეს. პროტესტის დროს დააკვეს 50-მდე მოქალაქე. ამ დროისთვის ისინი განთავისუფლებულნი არიან.
დღეს აქცია 3 საათზე განახლდება პარლამენტის წინ.
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებით, მათი მოთხოვნებია: „გადადგეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც დარბევაში მონაწილეობდნენ“.