საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი.
„ეს არის მიღებული პრაქტიკა - როდესაც არის კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი გავრცელდეს კონკრეტულ კლუბში, კონკრეტულ დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში შეიძლება განხოროცილდეს შესაბამისი საპოლიციო ღონისძიება. კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი და საჭიროა, ასევე სამართალდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის დაცვა. თავისთავად კანონის დაცვა ბუნებრივია, არ არის თვითმიზანი. თქვენ გახსოვთ, რომ იყო არაერთი ძალიან სამწუხარო, შემაშფოთებელი ფაქტი - ახალგაზრდები დაიღუპნენ ნარკოტიკების მოხმარებით და ზუსტად ამ ყველაფერს უკავშირდებოდა ის საპოლიციო ღონისძიება, რომელიც განხორციელდა გუშინ შსს-ს მიერ. ეს იყო მიზანი და ამ მიზნიდან გამომდინარე მოქმედებდა შინგან საქმეთა სამინისტრო“, - თქვა ირაკლი კობახიძემ „იმედის" ეთერში.
როგორც სპიკერი ამბობს, შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოისმინეს ინფორმაცია:
„იყო კონკრეტული ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაწესებულების შიგნით იყო დაგეგმილი ნარკოტიკების რეალიზება და ეს ინფორმაცია გახდა კონკრეტული საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველი, ეს იყო კონკრეტული საფუძველი დაწესებულებაში შიგნით შესვლის და აქედან გამომდინარე, იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ“.
იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც შსს-გან მოისმინა, კობახიძე ამბობს, რომ „[კლუბებში] შესვლის მიზანი იყო ლეგიტიმური და ჩვენ ხელთარსებული ინფორმაციით, ეს ჩარევა იყო ასევე პროპორციული“.