
სომხეთის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირველი ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. სოჭში ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა, სადაც ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს.
ფაშინიანისა და პუტინის შეხვედრა ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების (EAEU) ფარგლებში გაიმართა, რომელიც რუსეთის ლიდერობით ჩამოყალიბდა, ხოლო ფაშინიანი ოპოზიციაში ყოფნისას ამ ორგანიზაციაში სომხეთის ყოფნას აკრიტიკებდა.
„არავის არ ეპარება ეჭვი რუსულ-სომხური ურთიერთობების მნიშვნელობაში“ - თქვა ფაშინიანმა საერთო ბრიფინგზე და დადებითად შეაფასა რუსეთი „დაბალანსებული პოზიციის“ გამო. „ჩვენ ვაფასებთ იმ პოზიციას, რომელიც რუსეთს ჰქონდა სომხეთის შიდა კრიზისის დროს - ეს ძალიან კონსტრუქციული ნაბიჯი იყო“, - განაცხადა ფაშინიანმა.
პუტინმა თავის სიტყვაში სომხეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკურ კავშირებზე ისაუბრა. „გისურვებთ წარმატებას, ვიმედოვნებ, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“ - დაამატა პუტინმა.
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთში პრემიერ-მინისტრად თითქმის ერთთვიანი საპროტესტო აქციების შემდეგ აირჩიეს. ის ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანს და მმართველ პარტიას სუსტი, კორუფციული მმართველობისთვის კარიტიკებდა. სარგსიანი პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა და ამ გზით ძალაუფლება შეინარჩუნა, რასაც ერევანში პროტესტი მოჰყვა. საბოლოოდ კი მმართველმა, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უკან დაიხია და ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს დაუთმო.