Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეოთხე დღე სპეცოპერაციიდან ► რატომ შევიდა და რა ამოიღო კლუბებიდან შსს-მ

15 მაისი, 2018 17:20

12 მაისს კლუბ „ბასიანთან“განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით ორი მთავარი კითხვა ისმის - იყო თუ არა დასაბუთებული შსს გადაწყვეტილება კლუბში სპეცოპერაციის ჩატარებაზე და დაარღვია თუ არა სპეცრაზმმა კლუბის გარეთ მყოფი ადამიანების უფლებები.

შს მინისტრს მიაჩნია, რომ კლუბში სპეცოპერაციის ჩატარება ლეგიტიმური და სამართლებრივად გამართული იყო. ორდღიანი პროტესტის მონაწილეებს მიაჩნდათ, რომ სპეცოპერაცია ძალის დემონსტრირება იყო და კლუბში სპეცრაზმის შესვლის ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობდა.

იყო თუ არა სპეცოპერაცია ლეგიტიმური და საჭირო? როგორ უნდა შეაფასოს საზოგადოებამ ამ სპეცოპერაციის მიზანშეწონილობა?

ეს კითხვა „ლიბერალმა“ EMC-ის წარმომადგენელს, სოფო ვერძეულს დაუსვა. სოფო ვერძეული სამდღიანი აქციების დროს საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთ წევრი იყო, ის 13 მაისს მინისტრთან შეხვედრაშიც მონაწილეობდა. 

სოფო ვერძეულის თქმით, 12 მაისის სპეცოპერაციის მიზანშეწონილობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია გამოძიების მასალების ნახვა, სადაც, წესით, უნდა იყოს პასუხი კითხვაზე - ჰქონდა თუ არა შსს-ს ამის სამართლებრივი საფუძველი?

შეგახსენებთ, რომ შსს-ს განცხადებით, ისინი სამი თვის განმავლობაში თბილისში მდებარე კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა გამოსავლენად ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ.

„გამოძიების მასალებზე წვდომა ჩვენ არ გვაქვს. გუშინ შეხვედრაზე ეს საკითხი დავსვი, ვინმეს მაინც უნდა ჰქონდეს წვდომა ამ მასალებზე. სავარაუდოდ, გამოძიების მასალებიდან უნდა დადგინდეს რამდენად ლეგიტიმური და სამართლებრივად გამართული იყო კლუბებში შესვლა“, - ამბობს სოფო ვერძეული.

კითხვაზე - რა წერია სასამართლოს განჩინებაში, რომლის საფუძველზეც სპეცრაზმი კლუბებში შევიდა - სოფო ვერძეული ამბობს, რომ განჩინება ზოგადია და თითქმის არანაირ ინფორმაციას არ იძლევა.

მისივე თქმით, თუკი გამოძიების მასალებიდან გამოჩნდება, რომ  შსს-ს ამის სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, უნდა შეფასდეს - რამდენად იყო საჭირო სპეცრაზმის გამოყენება და ამ ფორმით კლუბში შესვლა.

სახალხო დამცველი თავის საჯარო განცხადებებში ხაზგასმით ამბობს, რომ დასაბუთებული მოსაზრებებისთვის მას სჭირდება, გაეცნოს სასამართლოს განჩინებას; მას ასევე სჭირდება უწყვეტი ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს კლუბის ტერიტორიაზე ჩატარებულ ჩხრეკას.

„ვიდეოჩანაწერების ნახვა აუცილებელია, რომ რეალურად ვნახოთ, ამოიღეს თუ არა ნარკოტიკული საშუალება და შევაფასოთ, რამდენად იდგა ჩხრეკის ამ ფორმით განხორციელების აუცილებლობა”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ რომ შსს- დან გამოითხოვეს კლუბებში ჩხრეკვის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. ასევე კლუბის გარეთ განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეოჩანაწერები და ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა საქმეები. 

რა ამოიღო კლუბებიდან შსს-მ და რისთვის შეიყვანა სპეცრაზმი?

როგორც შსს ამბობს, სხვადასხვა დროს ჩატარდა კლუბების ტერიტორიაზე საკონტროლო შესყიდვები და სწორედ ასე გამოავლინა ის 8 პირი, „რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას“, - ამბობს შსს.

თუმცა სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ  ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 8 პირი სპეცოპერაციის დაწყებამდე  დააკავა და არა კლუბის ტერიტორიაზე. როგორც ომბუდსმენმა თქვა, ამის შესახებ მის წარმომადგენლებს თავად დაკავებულებმა განუცხადეს.

შესაბამისად, კითხვა - თუ რატომ ჩატარდა სპეცოპერაცია, თუკი ნარკორეალიზატორობაში ბრალდებულები უკვე დაკავებული იყვნენ - ისევ ღიაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველს უთხრეს, რომ კლუბ „ბასიანიდან“ და "გალერიდან" ამოიღეს ნივთიერება, თუმცა უცნობია - რა ნივთიერება და რა რაოდენობის, რადგან შსს თქმით, უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა. სოფო ვერძეულისთვის ასევე უცნობია, რა დრო დასჭირდება ექსპერტიზას.

„კლუბების ჩხრეკისას, როგორც შსს-ში გვითხრეს, სპეცრაზმმა ხალხს მოუწოდა, თუ რამე გაქვთ დატოვეთ და გადითო.  სავარაუდოდ, ასე სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე მოიქცნენ. როგორც ამბობენ, პირადი ჩხრეკები არ ჩატარებულა, თუმცა საგულისხმოა, რომ კლუბის ტერიტორიის ჩხრეკისას ადგილზე არ იმყოფებოდნენ კლუბის ადმინისტრაცია და აქ პროცედურის დარღვევა იკვეთება“, -  ამბობს სოფო ვერძეული.

სოფო ვერძეულის თქმით, გიორგი გახარიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია ნარკორეალიზატორობაში ბრალდებულების მიერ ნარკოტიკის გასაღების შესახებ, რომელიც მყიდველს კლუბის ტერიტორიაზე უნდა მიეღო.

სოფო ვერძეული ამბობს, რომ ეს ვერსია დამაჯერებელი არ არის, რადგან, თუკი იცოდნენ იმ პირების შესახებ, ვინც ნარკორეალიზატორობაში ბრალდებულებისგან შეისყიდა ნარკოტიკული საშუალება, მათი დაკავება, სავარაუდოდ, კლუბში შესვლის გარეშეც იყო შესაძლებელი.

შსს-ს პასუხი - რა ამოიღო და სად დააკავა ნარკორეალიზატორები

კითხვაზე - რატომ გახდა საჭირო  სპეცოპერაცია - გახარიამ უპასუხა: „შსს-ს სხვადასხვა კლუბში სპეციალური საშუალებებით დადასტურებული ნარკოტიკის გასაღების 20-მდე შემთხვევა აქვს გადაღებული. ბოლო ორ კვირაში ნარკოტიკული ინტოქსიკაციის გამო სხვადასხვა კლუბიდან 112-ში 48 გამოძახება დაფიქსირდა", - თქვა მინისტრმა. 

რაც შეეხება შეკითხვას - რა ექსპერტიზა უტარდება კლუბებიდან ამოღებულ ნივთიერებებს და როდის გახდება ცნობილი პასუხი - შსს-ში გვიპასუხეს, რომ ექსპერტიზა გრძელდება. შსს ამ ეტაპზე არც იმას ამბობს, რა რაოდენობისაა ნივთიერება, რომელიც, შსს-ს განცხადებით, 12 მაისს კლუბის ტერიტორიიდან ამოიღეს.  

შსს ასევე არ პასუხობს შეკითხვას - სად აიყვანა ნარკორალიზატორობაში ბრალდებულები. სახალხო დამცველის ცნობით, ისინი სპეცოპერაციის დაწყებამდე აიყვანეს და არა კლუბში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^