„თეთრი ხმაურის მოძრაობა" ქუთაისის საპატიმროში პატიმრების კარცერებში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ორგანიზაციის თქმით, პატიმრები კარცერში გიორგი გახარიას სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გადაიყვანეს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი აღნიშნულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი ქუთაისის ციხეში არ მომხდარა.
„ახლახან მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ 12-13 მაისს, ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები აქციის მსვლელობას თვალყურს ტელევიზიით ადევნებდნენ. შს მინისტრის გამოსვლისას კი, თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება შეგინებით გამოხატეს.
გიორგი გახარიას სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პატიმრები კარცერებში გადაიყვანეს.
მიგვაჩნია, რომ ეს არის ცენზურის დაწესება პატიმრებს შორის და სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ცდილობს, შეუზღუდოს პატიმრებს სიტყვის თავისუფალი გამოხატვის უფლება. ნათელია, რომ ციხის ადმინისტრაცია კარცერებში გადაყვანას ერთგვარ დასჯის მეთოდად იყენებს", - ამბობენ მოძრაობაში.